2025 წელს თბილისსა და ბათუმში $4.3 მილიარდის, 59 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - Colliers
2025 წელს თბილისსა და ბათუმში 4.3 მილიარდი დოლარის, 59 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების რაოდენობა წლის ჭრილში 7%-ით არის გაზრდილი.
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, გასულ წელს თბილისში 42,267 ტრანზაქცია აღირიცხა (წლიურად 3%-ით მეტი), ხოლო ბათუმში 17,052 (წლიურად 17%-ით მეტი).
თბილისის შემთხვევაში, 2025 წელს ბაზრის ზომა 15%-ით გაიზარდა, 3.3 მილიარდ დოლარამდე. პირველადი ბაზრის ტრანზაქციები აქტივობის საერთო ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო.
მიმოხილვის თანახმად, დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი როგორც მიწოდებაში, ასევე მოთხოვნაში 61%-იან წილს იკავებდნენ.
რაც შეეხება ფასებს, ფასები კვლავ იზრდებოდა ყველა პროექტისა და რაიონის კატეგორიაში, ზრდის მნიშვნელოვანი შენელების გარეშე 2024 წელთან შედარებით. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,484 იყო, ხოლო ძველ პროექტებში $1,244.
უცხოელი მყიდველების წილი ახალი პროექტების მეორად ბაზარზე 2021 წლიდან 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
"უცხოელი მყიდველები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ ახალ პროექტებს, მათი შესყიდვების 86% ახალ პროექტებზეა რეგისტრირებული. ამის საპირისპიროდ, ძველ პროექტებში უცხოელი მყიდველების წილი ბოლო წლებში ძირითადად სტაბილური დარჩა",- აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება ბათუმს, ბაზრის ზომა წლის ჭრილში 34%-ით გაიზარდა და 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ტრანზაქციებმა 2022 წლის მაჩვენებლებს გადაუსწრო, რაც ქალაქისთვის ახალი რეკორდია.
"უცხოური ინვესტიციებისთვის აჭარის მზარდი მიმზიდველობა, ასევე ახალი მაღალი დონის პროექტების მიწოდება, ბაზრის ზომის მნიშვნელოვან ზრდას უწყობს ხელს",- წერია კვლევაში და აღნიშნულია, რომ უცხოელი მყიდველები აქტიურობდნენ როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.
ამასთან, მოთხოვნის გაძლიერებამ დააჩქარა ფასების ზრდა როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,497 იყო, ხოლო ძველ პროექტებში $1,196.
საქართველოს მოქალაქეების წილი ახალი პროექტების მეორად ტრანზაქციებში 2021 წლიდან სტაბილურად მცირდება და 2025 წელს 51%-ს მიაღწია.
"2022–2023 წლებში დაფიქსირებული დაჩქარებული კლების ტენდენცია დიდწილად შეიძლება მივაწეროთ რეგიონულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა რუსეთის და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან", - წერია კვლევაში.