თეგებით ძიება

არმატურის ბაზარი მოსაკრებლის ფონზე - როგორ შეიცვალა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დინამიკა

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით,არმატურის იმპორტზე ( სეს ესნ-ის 7214 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული არმატურის) 2025 წლის 1 იანვრიდან დაწესებული მოსაკრებლის მოქმედების ვადა 2027 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

მოსაკრებლის დაწესების მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვა და იმპორტისგან გამოწვეული კონკურენტული წნეხის შემცირება იყო. მოსაკრებლის ოდენობა ტონაზე 420 ლარით განისაზღვრა.

ადგილობრივი წარმოების წილი 74.7%-დან 43.5%-მდე შემცირდა

2021 წელს საქართველოში 333 ათასი ტონა არმატურა იწარმოებოდა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ 446 ათასი ტონა შეადგინა. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების წილი ბაზარზე 74.7% იყო.

2024 წლისთვის ადგილობრივი წარმოება 294 ათას ტონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც მთლიანმა მოხმარებამ 675 ათას ტონას მიაღწია. შედეგად, ადგილობრივი მწარმოებლების წილი 43.5%-მდე ჩამოვიდა.

ამრიგად, ოთხწლიან პერიოდში ადგილობრივი წარმოების წილი 31.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თავად წარმოების მოცულობა კი 39 ათასი ტონით, ანუ 11.7%-ით დაიკლო.

ცხრილი 1: არმატურის ადგილობრივი წარმოება, მოხმარება და ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში

არმატურის იმპორტი 2021-2024 წლებში 3.5-ჯერ გაიზარდა

ადგილობრივი წარმოების შემცირების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა არმატურის იმპორტი.

2021 წელს არმატურის იმპორტი 106 283 ტონა იყო, რომლის ღირებულებამ 74.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლისთვის იმპორტის მოცულობამ 374 000 ტონას, ხოლო ღირებულებამ 212.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, 2021-2024 წლებში იმპორტის მოცულობა დაახლოებით 3.5-ჯერ - 252% -ით გაიზარდა. ღირებულება - 2.9-ჯერ, რამაც 186%-იანი ზრდა შეადგინა.

რუსეთიდან და ირანიდან - თურქეთისკენ

იმპორტის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი გეოგრაფიული სტრუქტურაც.

2021 წელს მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო, თუმცა მომდევნო წლებში რუსეთის წილი სწრაფად გაიზარდა. 2024 წლისთვის რუსეთზე არმატურის მთლიანი იმპორტის 53.4% მოდიოდა რაოდენობრივად და დაახლოებით 54% - ღირებულებით. ირანთან ერთად ამ ორ ქვეყანაზე იმპორტის დაახლოებით 93% მოდიოდა.

ქვეყნების წილი არმატურის იმპორტის მოცულობასა და ღირებულებაში (%)

მოსაკრებლის ამოქმედების შემდეგ სურათი მკვეთრად შეიცვალა. 2025 წელს თურქეთის წილი რაოდენობრივად 2024 წლის 0.7%-დან 69%-მდე გაიზარდა, ანალოგიური ცვლილება დაფიქსირდა ღირებულებითაც - თურქეთის წილი 2024 წლის დაახლოებით 0.9%-დან 2025 წელს 71.5%-მდე გაიზარდა.

ამრიგად, მოსაკრებლის მოქმედების პერიოდში იმპორტის ძირითადმა წყარომ რუსეთიდან და ირანიდან თურქეთისკენ გადაინაცვლა.

როგორ შეიცვალა იმპორტის ფასი

ქვეყნების მიხედვით ერთი ტონა არმატურის საშუალო საიმპორტო ღირებულებაც განსხვავდებოდა. 2021-2022 წლებში ოთხივე ძირითადი მომწოდებლიდან ფასი ძირითადად 600-770 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მომდევნო წლებში კი შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.

საქართველოში შემოტანილი არმატურის საშუალო ფასი (აშშ დოლარი/ ტონა)

2024 წელს, მოსაკრებლის შემოღებამდე, ყველაზე დაბალი საშუალო ღირებულება ირანიდან იმპორტს ჰქონდა - 548 დოლარი/ტონა, რუსეთიდან იმპორტის ფასი 573 დოლარი იყო, აზერბაიჯანიდან - 627 დოლარი, ხოლო თურქეთიდან - 699 დოლარი.

2025 წელს თურქეთი მთავარი მომწოდებელი გახდა და ერთი ტონის საშუალო საიმპორტო ღირებულებამ 587 დოლარი შეადგინა.

წყარო 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა