ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებში უცხოელების წილმა ქართველი მყიდველების წილს გადაასწრო - „ქოლიერსი“
2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 19.7%-ით გაიზარდა. „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში 1 315 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 22.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი 12.8%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (24.4%), ისე მეორეულ (21.4%) ბაზრებზე.
ამავე კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებში უცხოელების წილმა ქართველი მყიდველების წილს გადაუსწრო.
„ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე მოხდა. მათმა წილმა მეორეულ ბაზარზე 50% შეადგინა.
გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო, მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა.
ტრანზაქციების რაოდენობაში უცხოელი მოქალაქეების წილმა გადაუსწრო, ქართველი მოქალაქეების წილს, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე“, - ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.
როგორია ბათუმში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი?
2026 წლის თებერვალში ზღვისპირა ქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 333 დოლარი იყო, 2025 წლის იმავე თვეში კი ფასი 1 186 დოლარს შეადგენდა. მონაცემები წლიურად 12%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 33.1%-ით გაიზარდა და 82 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.