უცხოური მუშახელი საქართველოში
საქართველოში შრომითი მიგრაციისა და საიმიგრაციო პოლიტიკის თემა სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს. ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ბიზნესი კადრების მწვავე დეფიციტზე მიუთითებს და უცხოური მუშახელის მოზიდვას აუცილებლობად მიიჩნევს. მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებობს კითხვები ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვასა და ხელფასების დინამიკაზე, ხოლო სახელმწიფო ცდილობს შრომითი მიგრაცია მკაცრად დარეგულირებულ და უსაფრთხო ჩარჩოებში მოაქციოს.
სად გადის ზღვარი ბიზნესის ეკონომიკურ საჭიროებებს, ადგილობრივი დასაქმების ინტერესებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის? საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ოფიციალური საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველზე იკვეთება არსებული ვითარების სრული სურათი.
იმიგრაციის მასშტაბები და სექტორული გადანაწილება
შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა საქართველოში შემოსულ მიგრანტთა როგორც გეოგრაფიული, ისე პროფესიული სტრუქტურა.
დამსაქმებელთა ასოციაციის განმარტებით, მიგრანტების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც საქართველოს უშუალო მოსაზღვრე ქვეყნებს, ისე ინდოეთსა და შუა აზიის რეგიონს. უცხოელი მოქალაქეები ძირითადად სამ მიმართულებაში არიან გადანაწილებულნი: Iთ სექტორი, მშენებლობა და მომსახურების სფერო.
დემოგრაფიული სტრუქტურა: შრომისუნარიანობა და გენდერული ბალანსი
სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ იმიგრაციული ნაკადი მკვეთრად გამოხატული შრომითი პროფილისაა. შემოსულთა შორის თითქმის არ არიან ბავშვები ან პენსიონერები - იმიგრანტების უდიდესი ნაწილი შრომისუნარიანი ახალგაზრდა კადრია.
ასაკობრივი ჭრილი
შრომისუნარიანი ასაკი (15 - 64 წელი): შეადგენს საერთო იმიგრაციის 85.9%-ს (112,950 კაცი).
ყველაზე აქტიური ჯგუფი (20-39 წელი): შეადგენს 46.6%-ს (61,308 კაცი).
- 25-29 წელი: 16,103 იმიგრანტი
- 20-24 წელი: 15,667 იმიგრანტი
- 30-34 წელი: 15,281 იმიგრანტი
- 35-39 წელი: 14,257 იმიგრანტი
- 40-44 წელი: 11,686 იმიგრანტი
საერთო იმიგრაციულ ნაკადში მამაკაცების წილი 59.1%-ს (77,763 ადამიანი) შეადგენს, ხოლო ქალების - 40.9%-ს (53,738 კაცი).
"უცხოური მუშახელი იაფი ალტერნატივა არ არის"
საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიები უცხოელ კადრებს დაბალი ანაზღაურების გამო ირჩევენ. თუმცა დამსაქმებელთა ასოციაციის განმარტებით, უცხოური მუშახელის მოზიდვა ბიზნესისთვის დამატებით ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
"ზოგადად, უცხოეთიდან ჩამოყვანილი კადრები არ არის იაფი, უმეტეს შემთხვევაში ეს კომპანიებისთვის უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივების დასაქმება. შესაბამისად, თუ ადგილობრივ ბაზარზე არსებობს შესაბამისი მუშახელი, უცხოელით მისი ჩანაცვლება არ მოხდება", - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ვახტანგ შურღაია.
მისივე თქმით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. გამოსავლად სახელდება განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში ინვესტიციების გაზრდა, თუმცა ეკონომიკის ზრდის პირობებში მხოლოდ ადგილობრივი რესურსი მოთხოვნას სრულად მაინც ვერ დაფარავს.
საკანონმდებლო რეგულირება და ბიზნესის ინტერესების ბალანსი
შრომითი მიგრაციის მართვის მიზნით, "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა. თავდაპირველი რეგულაცია დამსაქმებელს ავალდებულებდა ნებისმიერი ვაკანსია ჯერ სახელმწიფო პორტალ ჭორკნეტ-ზე განეთავსებინა და მხოლოდ ადგილობრივი კადრის ვერპოვნის შემთხვევაში აეყვანა უცხოელი.
პრაქტიკაში გამოკვეთილი შეფერხებებისა და ბიზნესის უკმაყოფილების გათვალისწინებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ჩარჩოში კორექტირება შეიტანა:
"შეიცვალა კანონში არსებული ჩანაწერი და ჭორკნეტ-ზე ვაკანსიის განთავსება უკვე აღარ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა 5 კაცს ან საერთო პერსონალის 5%-ს არ აღემატება", - განმარტავენ დამსაქმებელთა ასოციაციაში.
ახალი წესით, წინასწარი ნებართვა და კვოტირება მხოლოდ იმ კომპანიებს სჭირდებათ, რომლებიც წლის განმავლობაში 5-ზე მეტი ან პერსონალის 5%-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას გეგმავენ.
სახელმწიფოს პოლიტიკა: უკანონო მიგრაციის აღკვეთა და უსაფრთხოების გარანტიები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი გაძლიერდა. პრემიერის თქმით, გასული 12 თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალის გაძევება მოხერხდა, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში. წლიური გეგმა მინიმუმ 4 ათასი არალეგალის გაძევებას ითვალისწინებს, რამაც დაახლოებით 4 წელიწადში ქვეყანა ამ პრობლემისგან სრულად უნდა გაათავისუფლოს.
აქვე გეტყვით, რომ პარლამენტმა 25 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტი.
ახალი საკანონმდებლო მექანიზმები:
1. სტუდენტური ნაკადების კონტროლი: უცხოელი სტუდენტებისთვის სავალდებულო გახდა ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან NAEC-ის გამოცდის ჩაბარება. სასწავლებლებს დაეკისრათ ვალდებულება, მონაცემები ერთიან სისტემაში ასახონ. დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმები და სტუდენტების მიღების შეზღუდვა. აკადემიური დავალიანების ან შრომითი პირობების დარღვევისას სასწავლო ბინადრობა გაუქმდება.
2. ფიქციურ ქორწინებებთან ბრძოლა: შემოვიდა საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის ახალი სახე. სპეციალური კომისია შეამოწმებს ქორწინების ნამდვილობას, ხოლო ფიქციური ქორწინება ბინადრობის ან მოქალაქეობის მოპოვების მიზნით სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება გახდა (2-დან 10 წლამდე ქვეყნიდან გაძევება/შემოსვლის აკრძალვა ან პატიმრობა 2 წლამდე).
3. უწყებრივი უფლებამოსილებები: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების უფლება. შეიცვალა სასამართლო პროცედურებიც, შემცირდა განხილვისა და გასაჩივრების ვადები.
კიდევ ერთ გამოწვევად რჩება არაფორმალური დასაქმება. დამსაქმებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ პროცესი ამჟამად დაკვირვებისა და მონიტორინგის ეტაპზეა და სახელმწიფო უწყებების კონტროლის გამკაცრებასთან ერთად ეს პრობლემაც მოგვარდება.