დავითობა პოკონოში
14 წელია ამერიკაში ემიგრანტი ვარ. აქ ყოფნის განმავლობაში არაერთი სტატია დამიწერია, მაგრამ ასე არასდროს გამჭირვებია სტატიის დაწერა, როგორც დღეს - დავითობას. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის პოკონოში წავედი, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ბოლო სტატია, რომელიც პოკონოზე დავწერე, ეს იყო გიორგობას, რომელიც შემდეგნაირად დავასათაურე: „პოკონოში პატარა საქართველო ვნახე, უნდა გამიხარდეს ნეტავ?“ მაგრამ რაც წელს დავითობას ვნახე, ემოციებით ისე ძალიან დავითრგუნე, რომ სევდა ნისლივით შემომაწვა გულზე და აღარ ვიცი როგორ გავფანტო. დღესაც ტრადიციისამებრ ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება ქართული ლექსებითა, თუ სიმღერებით, მაგრამ როდესაც ანსამბლ „ცისკარის“ ბავშვებმა საქართველოზე იმღერეს, საოცრება იყო! ძალიან უხდებოდათ მოხევეს ფორმები. ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ფილადელფიაში ბავშვები უფრო მეტი ქართული ტადიციებით იზრდებიან, ვიდრე საქართველოში. მათი სიმღერა ადრეც მქონდა მოსმენილი, მაგრამ რაც იმ დღეს მოხდა, არ ვიცი რა სახელი მოვუძებნო. იქვე სუფრასთან ისხდნენ უფროსი თაობის ანსამბლ „ზეკარის“ მომღერლები. სულგანაბული ვუსმენდი ამერიკაში მცხოვრები ბავშვების სიმღერას, რომელიც ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა: „დავბადებულვარ საქართველოში, ღმერთმა მარგუნა დარი მზანი...“ მოულოდნელად, უფროსი თაობის „ზეკარის“ მომღერლებმა ბანი მისცეს, რამაც უფრო დიდი ემოცია გამოიწვია. ხალხი ნეტარი სახით უყურებდა ხან ერთ, ხან მეორე თაობის მომღელებს: ახალი თაობა იმ საქართველოს უმღეროდა, რომელსაც მხოლოდ ზაფხულობით მოინახულებენ ხოლმე, უფროსი თაობა კი იმ საქართველოს, სადაც მათ ცხოვრების უმეტესი წლები გაატარეს; მიწა, სადაც ფეხი აიდგეს და ნანა, რომლითაც გაიზარდნენ; წყარო, სადაც წყურვილს იკლავდნენ. ანსამბლ „ზეკარის“ მომღერლების სახეებიდან ბევრი რამ ჩანდა: ტკივილი, გულიდან ამოძახილი სიტყვები - სიმღერად თქმული. ნამღერისაგან ძარღვები დასჭიმოდათ თითქოს. საქართველოს სახელის ხსენებისას კი ამხელა ვაჟკაცებს ცრემლებს შენიშნავდი. მათი თვალები სიხარულისა და იმედის ნაპერწკალით აივსო, როდესაც მომავალი თაობის ნორჩმა მომღერლებმა შემდეგი ფრაზები წარმოსთქვეს:
„დავითისა და თამარის ერი,
ძალას მოიკრებს, არ დაკნინდება,
ღვთიურ სიყვარულს მოაფრქვევს იგი,
მწამს საქართველო კვლავ გაბრწყინდება!“
ჩემ წინ ანსამბლ „ზეკარის“ ერთ-ერთი მომღერალი იჯდა. უცებ ხელები გაშალა და წამოიძახა: იცით, რა არის ბედნიერება? აი, ეს, რომ უცხო მიწაზე მცხოვრები ქართველი ბავშვები უმღერიან საქართველოს.
მიხარია, რომ დღევანდელ თინეიჯერებს ფოლკლორი უყვართ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქართველი თინეიჯერის შესრულებული ფოლკლორული ჟანრის სიმღერა ფანდურის თანხლებით და იცით რამ გამაკვირვა? მას თან ახლდა იტალიელი კლასელი, რომელიც დოლს უკრავდა და მეგობართან ერთად მღეროდა. მოგვიანებით ისინი სუფრასთან შევნიშნე, მივუახლოვდი და იტალიელ ბიჭუნას მადლობა გადავუხადე ჩემი ქართული ფოლკლორის ამგვარი სიყვარულისთვის. ქართველმა ბიჭუნამ გამაცნო იქ მჯდომი სხვა უცხოელი მისი თანაკლასელები და მასწავლებელიც. სიხარულისგან ემოციებს ვერ ვმალავდი. აი, რატომ ვართ ჩვენ - თითოეული ქართველი - ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩები. ყველას შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სამშობლოს კეთილდღეობაში.
ანსამბლის თემასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სწორედ დავითობას გახდა ერთი წელი, რაც ანსამბლმა „მამულმა“ პირველი კონცერტი შარშან ჩაატარა პოკონოში, დავითობას. აქვე ასევე იყვნენ სხვა ანსამბლებიც: „იბერიელები“ და „ფესვები“. თითოეული ანსამბლის სახელიც საქართველოს მონატრებასა და სიყვარულს მიუთითებს.
მეუფე საბას სახე დღემდე დარჩა ჩემს მეხსიერებაში. იგი თითოეული მონაწილის შესრულებულ ნომერს სიყვარულით ადევნებდა თვალს. მან გაგვანდო იდეა, რომელიც დააახლოებს სხვადასხვა შტატში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს. ზაფხულისთვის იგეგმება ბანაკის გაკეთება ემიგრანტი ბავშვებისათვის. მეუფე საბამ გააერთიანა ქართველი ემიგრანტები და ჩვენსა და მომავალ თაობას ყველანაირ პირობებს უქმნის, რომ სულიერი საკვები არ მოაკლდეთ.
საოცარი ხალხი ვართ ქართველები: ნიჭიერები, ჭკვიანები და ასევე... ასევე ის, მტკივნეული რამ, რაც ერთი ფაქტის გამო გავიფიქრე. ღონისძიების დამთავრებისას დავინახე ღვთისნიერი ვანო ექიმი, რომელიც საკუთარი ხელით ასუფთავებდა ეკლესიის ეზოს ძირს დაგდებული სიგარეტის ნამწვავებისგან. ესეც ჩვენი, ქართველების გამოუსწორებელი ჩვევაა და რას ვიზამთ, ზოგჯერ მარტო ქებას არ ვიმსახურებთ! ჩვენი ნაკლიც უნდა ვაღიაროთ! ისევ მომავლისათვის, კეთილი შედეგის მიზნით, თითოეული ჩვენგანი მხოლოდ კარგის მიმბაძველები უნდა ვიყოთ. აკაკი წერეთლის თქმის არ იყოს: „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“, გაზაფხულს, რომლის მოსვლასაც დიდი ხანია ველოდებით. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს. უნდა შევუერთდეთ სხვა მერცხლებიც, რომ ერთად ვახაროთ ჩვენს ერს გაზაფხულის მოსვლა.
სტატიის ავტორი: ლელა ვაშაკიძე