თოფაძე ვარაუდობს, რომ ხიდაშელს მალე გაათავისუფლებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მოითხოვს, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ისევე როგორც სხვა კანონდამრღვევებმა, აგოს პასუხი კანონის წინაშე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამოძიება საგარეჯოს არჩევნების საკითხით უნდა დაინტერესდეს. განცხადება დეპუტატმა „ობიექტივის“ ეთერში გააკეთა.
„ჩვენი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ასეთი ჩარევა არჩევნებში, ძალიან ბევრჯერ დაგვხვდება წინ. ჩვენი ოპონენტები ამ დარღვევებს, რაზეც წავიდა ქალბატონი მინისტრი, გაგვახსენებენ და ეს მოპოვებული ნდობა ხალხის, შეიძლება შევარყიოთ. მოვიყვან დოკუმენტებს, იმ დარღვევებზე, რაც მოხდა არჩევნებზე. მე მოგიტანეთ იმ 525 კაცის სია, რომლებიც ჩამოიყვანეს საქართველოს ყველა რეგიონიდან, რატომღაც თავდაცვის მინისტრს ეს კანონდარღვევად არ მიაჩნია.
თუ ასეთ სერიოზულ კანონდარღვევაზე უფრო ნაკლები დამრღვევები გვყავს ჩვენ, კოალიცია ძალიან დიდია, ხალხი დაისაჯა ამის გამო, რატომ არ უნდა მოიკითხოს სასამართლომ, რომ ასეთი თავხედური ნაბიჯი გადადგა თავდაცვის მინისტრმა. არსებობს სასამართლო, არსებობს ძიება და დაამტკიცონ, მე არ ვარ იურისტი, ეს შემზარავი ფაქტია.
კასეტას დაგიტოვებთ, როგორ ერევა უბანზე თინა ხიდაშელი, როგორ ტრაბახობს, მომენატრა ბიულეტენების დათვლაო და ზის და ამას აკეთებს. თუ ჩვენ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, მაშინ მან უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა ჩაიდინა.
თინა ხიდაშელმა მიაყენა შეურაცხყოფა მთელ ქართველ ხალხს და ამაზე უნდა მოეკითხოს პასუხი. ოცნებამ არ ჩაატარა არჩევნები კანონდარღვევით, კანონი დაარღვია თინა ხიდაშელმა. როცა არასამთავრობოები და საზოგადოების ამდენი წევრი აკრიტიკებს, უნდა მიიღოს კრიტიკა და მოიბოდიშოს. თუ სხვას სჯი კანონდარღვევისთვის, მოსთხოვე პასუხი, მერე რა, რომ მინისტრია. თუ სამართალს ვეძებთ, თავდაცვის მინისტრის ეს ქმედება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და ასეთი თავხედური ნაბიჯების გადადგმას სხვები ვეღარ გაბედავენ. მე მგონია, რომ ის დიდიხანი არ იქნება მინისტრი, იმიტომ, რომ შეუფერებელია“,-განაცხადა თოფაძემ.
შეგახსენებთ, საგარეჯოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატმა ერთერთ საგაზეთო ინტერვიუში გააკეთა, მოგვიანებით კი, ეს უარყო.
ცნობისთვის, თოფაძის განცხადება დღეს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
news.ge