კვირიკაშვილმა არჩევნების პირველი ტური შეაჯამა და მას "უპრეცედენტოდ დემოკრატიული" უწოდა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საუბარს საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეების შესახებ "სპეკულაციას" უწოდებს. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კვირიკაშვილმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაჯამა და მას "უპრეცედენტოდ დემოკრატიული" უწოდა.
პრემიერმინისტრი ამბობს, რომ კონსტიტუცია ცვლილებებს აუცილებლად საჭიროებს რადგან ის არის დაუბალანსებელი. სწორედ ამიტომ გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
პრემეირი ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენაც მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანია დღეს აღინიშნოს, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ჩვენ წინ გვაქვს კიდევ მეორე ტური და მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობა საჭიროა.
"ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ატყდა არაჯანსაღი სპეკულაციები საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან ქართული ოცნება იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური.
"ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობა ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში აქ სიჩქარე არ ივარგებს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე რთველი 2016-ის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რთველის მიმდინარეობისას 100 ათას ტონა ყურძენზე მეტი გადამუშავდა.