თეგებით ძიება
14. 11. 2016 News-ები

მანანა კობახიძე საპარლამენტო თანამდებობაზე უარს ამბობს

მერვე მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს. იგი განმარტავს, რომ ის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ადამიანების უფლებებს და ამისათვის მას კონკრეტული თანამდებობა არ სჭირდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერს, რომ რჩება გუნდში და ემზადება პარლამენტის პირველი სხდომისთვის. კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეებია არ ცხრება ჟურნალისტების ინტერესი ჩემს საპარლამენტო თანამდებობასთან დაკავშირებით, ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციაც გაავრცელეს. ვინაიდან, შესაძლოა, საზოგადოებასაც ქონდეს გარკვეული კითხვები, საჭიროდ ჩავთვალე, გაუწყოთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ - დავიკავო რაიმე თანამდებობა, აქვე, ვადასტურებ, რომ გუნდის მხრიდან, უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რაც რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობაა და ამისთვის, მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო თანაგუნდელებს და პირადად პრემიერს! თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე უარი ვთქვი აღნიშნულ შემოთავაზებაზე.

"მე ადამიანის უფლებებს ვიცავდი წლების განმავლობაში, პარლამენტის წევრად არჩევამდეც, ვიცავ ახლაც დეპუტატის პოზიციიდან და გავაგრძელებ, მაშინაც კი, როცა ამოვწურავ სადეპუტატო უფლებამოსილებას. ეს ჩემი პროფესიაა, ჩემი საქმეა, რომლის კეთებასაც, ვფიქრობ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების გარეშეც წარმატებით შევძლებ.

"ჩვენთვის არასდროს ყოფილა მთავარი რაიმე თანამდებობა, ჩვენ გავერთიანდით უმთავრესი მიზნისთვის- დაგვემარცხებინა უსამართლობა და გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, სწორედ თითოეული თქვენთაგანის ძალისხმევით და საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ვისარგებლოთ ყველაზე ფართო, საპასუხისმგებლო და საპატიო მანდატით, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრობა ჰქვია!

"სწორედ ამიტომ, ყოველგვარი დამატებითი რეგალიების გარეშეც შევძლებ აქტიურად გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა და მუშაობა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად, რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ღირსეულ და კვალიფიციურ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც ექნება ჩემი ხმაც და მხარდაჭერაც, ისევე, როგორც ყველა დასახელებულ კანდიდატს.

"მე დღეისათვის, კვლავ ვრჩები ჩემს გუნდში, პარტიაში და პოლიტსაბჭოშიც და ვემზადები ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომისთვის!"- წერია კობახიძის განცხადებაში.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა