თეგებით ძიება
06. 01. 2017 News-ები

მარიამ როინიშვილი: „ბედნიერებაა, გერქვას თამრიკო ჭოხონელიძის შვილი, ძალიან დიდი ბედნიერება...“

1. მარიამ, სად და როგორ გარემოში შეხვდით 2017 წელს?
საკმაოდ მშვიდ გარემოში შევხვდი ოჯახთან ერთად და ყველაზე სასიამოვნო გარემოა, რაც კი შეიძლება ვინატრო ახალ წელს. ზოგადად, ახალი წელი არ მიყვარს. ძალიან აფორიაქებული განწყობა მაქვს და არ მსიამოვნებს... შობა უფრო მიყვარს, რადგან ბევრად მშვიდად ვარ და უფრო ამაღლებული განწყობა მაქვს.

2. როგორი კულინარია მარიამ როინიშვილი და აქვს თუ არა საახალწლო ტრადიციული კერძი, რომელსაც ყოველთვის თავად ამზადებს?
სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნი... დედას და ბებიას ძნელია, რომ კონკურენცია გავუწიო. ორივე ძალიან გემრიელად ამზადებს და ამიტომ, ნაკლებად ვიწუხებ თავს. თუმცა, როცა მჭირდება, ყოველთვის შემიძლია. მე უფრო დესერტები გამომდის კარგად და ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული „ბრაუნი“.

3. ახალი წელი, რომელიც მუდამ ემახსოვრება მარიამ როინიშვილს.
ეს ძალიან ღრმა ბავშვობაში იყო. მახსოვს, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო თბილისში. ძალიან პატარა ვიყავი. დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის დაუვიწყარი საღამო მოეწყოთ. მამამ თოვლის ბაბუის ფორმა ჩაიცვა და სახლში შემოვიდა. როგორც კი ფეხსაცმელებზე დავხედე, მაშინვე გავიფიქრე, ეს თოვლის ბაბუა კი არა, მამაჩემიათქო (იცინის). მაშინ დაინგრა მითი თოვლის ბაბუის შესახებ. თუმცა, არ შევიმჩნიე და მახსოვს, რომ საოცარი და დასამახსოვრებელი საღამო მოგვიწყეს მშობლებმა მაშინ, როცა არავის ეხალისებოდა ახალი წელი.

4. რამდენიმე კვირის წინ, 15 დეკემბერს ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. დედასთან ერთად თქვენც წარსდექით სცენაზე. ალბათ, დიდი პასუხიმსგებლობა იყო.
რა თქმაუნდა დიდი პასუხისმგებლობაა მის გვერდით დგომა და სიმღერა. ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი საღამო იყო ყველასთვის და არ შემიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ მივულოცო მას. ბედნიერებაა, გერქვას თამრიკო ჭოხონელიძის შვილი, ძალიან დიდი ბედნიერება...

5. როგორი დედაა მარიამი?
მარიამი გიჟი დედაა. ისე, როგორც დედების უმრავლესობა (იღიმის). ძნელია, დაახასიათო საკუთარი თავი დედის ამპლუაში. ვისურვებდი, ისეთი დედა ვიყო, რომ ელენეს და მე დიდი კომფორტი გვქონდეს ურთიერთობაში. საოცარი გოგოა თვითონ ელენე, უკვე დიდი გოგოსავით მესაუბრება და მეგობარივით მყავს. ჩემი მესაიდუმლეც არის...

6. როგორ ანაწილებთ დროს მას შემდეგ, რაც პატარა ელენე სკოლის მოსწავლე გახდა და და ხართ თუ არა ჩართული, როგორც მშობელი შვილის სასკოლო ცხოვრებაში?
რათქმაუნდა ძნელია, როცა დატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრობ, პარალელურად შვილის სწავლასაც თვალ-ყური ადევნო, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ მე ვამეცადინო. ეს სასიამოვნო პროცესიც არის, თან ძალიან და ამ სიამოვნებას ნამდვილად არ მოვიკლებ. ყოველ დილას მე დამყავს სკოლაში და ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა...

7. რა ხდება მარიამ როინიშვილის შემოქმედებაში და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ყოველთვის თავს ვარიდებ ამ კითხვას, რადგან არ მიყვარს მომავალ გეგმებზე საუბარი. შეიძლება ცრურწმენასაც დავაბრალოთ (იღიმის). თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში და იმედია, რომ ჩანაფიქრს ბოლომდე განვახორციელებ.

8. რომ არა სიმღერა, რა იქნებოდა მარიამ როინიშვილის ინტერესის სფერო?
აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი. ჩემი აუხდენელი ოცნებაა... თუმცა, ამასთანავე მეყვარებოდა ხელოვნება. ამ საქმის კარგი მსმენელი, შემფასებელი და დამფასებელი ვიქნებოდი.

9. ვინ ახდენენ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე?
დედა, მამა, ჩემი ძმა... ეს ადამიანები არიან, ვინც ჩემზე დიდ გავლენას ახდენენ ბავშვობიდან, თუმცა, დროთა განმავობაში მათ რიცხვს სხვებიც შეემატნენ ...

10. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?
იყო ადამიანი... მიუხედავად ბევრი ცდუნებისა, დარჩე ადამიანად... ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.

11. საყვარელი ფრაზა
„ესეც გაივლის“...

12. მარიამ როინიშვილის გზავნილი მსოფლიოს
ყველაზე მეტად, რაც დღეს გვჭირდება, სიყვარულით ერთად ყოფნაა. მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს. ბანალურია, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად მესმის ამ სიტყვების აზრი და ფასი. მშვიდობა და სიყვარული მინდა, რომ გამეფდეს დედამიწაზე და თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ, აუცილებლად გამოგვივა! მჯერა!


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა