თეგებით ძიება
08. 02. 2017 News-ები

ოპოზიციის და უმრავლესობის მწვავე დებატები პარლამენტში

დღევანდელ სესიაზე ოპოზიციამ მმართველ გუნდს ურჩია რუსთავი 2-ის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის საქმით დაინტერესდეს. მმართველი გუნდი რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.

„მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხების გამოძიებას, რადგან რასაც ვხედავთ, მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, არ დავარღვევ უდანაშაულის პრეზუმციას, მაგრამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე. ეს იქნება მოსყიდვით, შანტაჟით თუ სხვა მცდელობებით,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატს ევროპული საქართველოს წევრმა უპასუხა.

„სანამ მოსამართლეებს ქრთამს მისცემთ ბიუჯეტიდან, ჩინჩალაძის გამო პარლამენტში კანონებს შეცვლით, ჩვენ ამ თემებზე ვილაპარაკებთ,“ - მიმართა სოფიო კილაძეს ირმა ნადირაშვილმა.

სოფიო კილაძის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გამოეხმაურნენ.

„ქალბატონო სოფიო, თქვენ გინახავთ ის საბუთები, რაც გუშინ პროკურატურამ წარმოადგინა? შეკითხვა არ გაგჩენიათ, სადიდან არის ეს მასალები შეთითხნილი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა, რომ ისინი ჟურნალისტთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებენ.

”ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ და მეტიც, შეურაცხმყოფელია უბრალოდ მთელი ჟურნალისტთა კორპუსისთვის, როცა ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი, ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ იმედის ჟურნალისტები, ბეჭდურ მედიაში დასაქმებულები არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკაა თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი, სირცხვილია ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ განცხადების საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ „ეს რუსთავი 2, პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ, იმიტომ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხოთ“.

ევროპული საქართველოს წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია რუსთავი 2-ზე შეტევა.

„ბიძინა ივანიშვილის მიზანია ის ისტერიული შეტევა, რომლიც ახლა მიმდინარეობს რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: თეონა ცხომელიძე.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა