რა ენატრება ყველაზე მეტად მაესტრო ირაკლი შარაძეს ამერიკაში?
Gogaggg.tv-ის სტუმარია ამერიკაში მცხოვრები წარმატებული კომპოზიტორი, პიანისტი, და ნიუ-ჯერსის მუსიკალური ხელოვნების აკადემიის წევრი ირაკლი შარაძე.
1. ირაკლი, როდის ჩახვედით ამერიკაში და როგორ დაიწყო თქვენი კარიერული წინსვლა?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2013 წელს ლევან შენგელიასთან ერთად კონცერტი მქონდა ნიუ-იორკში, ერთი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე უკვე ოჯახთან ერთად ჩამოვსულიყავი. მოგეხსენებათ, თავდაპირველად უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება გარკვეულ ბარიერებთან არის დაკავშირებული, რადგან ამ დროს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებ, მაგრამ პრობლემები ნელ-ნელა გადავლახე და უცხო გარემოსაც შევეგუე.
რაც შეეხება კარიერულ წინსვლას, 2014 წელს, ნინი შერმადინთან ერთად გერშვინის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც რამდენიმე რთული ტურის გადალახვის შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე საუკეთესო აკომპანიმენტის პრიზი გადმომეცა, ხოლო ნინი წლის საუკეთესო პოპ- სიმღერის შემსრულებლად დასახელდა. პარალელურად, მინდა აღვნიშნო, რომ ფონდი "ბაგრატიონის" დამფუძნებელმა, ქალბატონმა დიანა ბაგრატიონმა სპეციალური პრიზით დამაჯილდოვა. კონკურსის ჟიურიში იმყოფებოდა ბატონი ლეონ შლოსბერგი, რომელმაც ჩემდა მოულოდნელად ნინი შერმადინს და მე ნიუ-ჯერსის შტატის მუსიკალური ხელოვნების აკადემიაში სტუდენტებისთვის მასტერ კლასების ჩატარება შემოგვთავაზა. მას შემდეგ, დღემდე ვმუშაობთ მე- ფორტეპიანოს ინსტრუქტორად, ხოლო ნინი - ვოკალის პედაგოგად და სტუდენტებს ვეხმარებით არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ სხვა ქვეყნების კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ერთგვარად საპასუხისმგებლო და საინტერესოც არის ჩვენთვის.
2. ასეთ მოკლე დროში, არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტების, არამედ ამერიკელების სახით უამრავი თაყვანისმცემელი შეჰმატეთ თქვენს შემოქმედებას. როგორ მოახერხეთ?
ნიუ-ჯერსის აკადემიაში მუშაობასთან ერთად ქართულ რესტორანში "კავკასიონი" ვუკრავდი, ასევე ორი წლით ვმუშაობდი მანჰეტენზე, ბროდვეისა და 52-ე ქუჩაზე ძალიან ცნობილ რესტორანში "რუსული სამოვარი". მანჰეტენზე დღემდე ვმუშაობ რესტორანში "Red Compass" და პარალელურად მუსიკალურ საღამოებს ვმართავ სტეიტენ აილენდზე რესტორანში "Gatsby\'s On The Bay", რომლის მეპატრონე და ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ქართველი პიროვნება გახლავთ. შესაბამისად, თავისთავად შემოვიკრიბე თაყვანისმცემლები, ვისაც გემოვნებიანი მუსიკა უყვართ და ხშირად სტუმრობენ ჩემს სამუშაო ადგილებს.
3. 2016 წელს, როგორც წარმატებულმა ქართველმა ამერიკაში, განსაკუთრებული ჯილდო დაიმსახურეთ ყოველწლიურ ქართულ-ამერიკულ ფესტივალზე. როგორი განცდა იყო?
ამ ფესტივალის დამფუძნებელი ქალბატონი თამრიკო დავითაშვილია. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როდესაც დამირეკა და მითხრა, რომ იმ წარმატებულ 16 ქართველში მოვხვდი, რომლებიც სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მადლობა ამ ქალბატონს იმისთვის, რომ ეს ფესტივალი არსებობს, რადგან აქ მყოფი ქართველებისთვის ერთგვარი სტიმულია, რომ უფრო მეტად დაიხარჯნონ საქართველოს სახელით.
4. კლასიკის გარდა, სხვა მუსიკალური ჟანრით თუ ხართ გატაცებული?
ვსწავლობდი ქალაქ ბათუმში, რევაზ ლაღიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, შემდეგ -მუსიკალურ კოლეჯში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. ჩემი ძირითადი მიმართულება კლასიკა იყო, მაგრამ შემდეგ ქართულმა ფოლკლორმაც გამიტაცა და კონსერვატორიაში ჩავაბარე ეთნომუსიკოლოგია კომპოზიციის განხრით და ძირითადად ფოლკლორისკენ და კომპოზიციისკენ ვიყავი მიმართული. დავდიოდი სოფლებში და ვეძებდი ძველ, მივიწყებულ სიმღერებს, რომ შემდეგ აღმედგინა. კონსერვატორიის პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ორკესტრის მუსიკოსად მიმიწვიეს, სადაც საშუალება მომეცა, დიდ ბენდში ძველი ფოლკლორული ელემენტები გამეცოცხლებინა. ამერიკაში წამოსვლამდე, 4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ანსამბლს და ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზზე ვმუშაობდით, შემოვიტანეთ ბას-გიტარა, სინთეზატორი. ხშირად გაგვქონდა ჩვენი შემოქმედება ევროპაში და დიდ ინტერესსაც იწვევდა უცხოელებში.
5. მაესტრო ირაკლი შარაძის საყვარელი კომპოზიტორები
მიყვარს თანამედროვე კლასიკოსი კომპოზიტორები: ენიო მორიკონე, ნინო როტა, გია ყანჩელი... მათმა შემოქედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მუსიკაში ძირითადად მელოდიურობას ვანიჭებ უპირატესობას, ეს არის ამოსავალი წერტილი.
6. თუ არსებობს ონლაინ გვერდი, სადაც მუსიკის მოყვარულებს თქვენს შემოქმედებას უზიარებთ?
დიახ, არსებობს ასეთი ოფიციალური ვებ გვერდი www.sharadzepiano.com, სადაც აბსოლუტურად ყველას აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს და მოუსმინოს ჩემს შემოქმედებას.
7.თქვენი შემოქმედების მუზა...
ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, სამშობლოს მონატრება, სევდა და ა.შ. მუზა უცებ, ექსპრონტად მოდის ხოლმე... სპეციალურად არასოდეს დამიგეგმავს, ეს ხან დილით ადრე ხდება, ხან შუაღამისას ან განსაკუთრებულ შემთხვევაში.
8. როგორია ირაკლი შარაძის ჩვეულებრივი მდგომარეობა მუსიკის წერის პროცესში?
ერთადერთი და აუცილებელი პირობაა სიჩუმე
9. სიახლეები თქვენს შემოქმედებაში
ორი თვის წინ, სრულიად შემთხვევით მამა პეტრე კვარაცხელიას შემოქმედებიდან ლექსი "დეკემბერია" ვნახე. ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, იმდღესვე შევქმენი კომპოზიცია. შემდეგ, ნინი შერმადინმა ჩაწერა და მოგვიანებით, მამა პეტრეს შემოქმედებით საღამოზე, ახმეტელის თეატრში შედგა მისი პრემიერა. იგი აქტიურად ტრიალებს საქართველოს რადიოსადგურებში და ძალიან პოპულარულია. მას ახალი სახით უკეთდება არანჟირება და მალე მსმენელი ახალ ვესიასაც მოისმენს. გარდა ამისა, ვემზადებით ფლორიდის შტატში, კერძოდ მაიამიში ქართული შემოქმედების კვირეულის ჩასატარებლად, რომელსაც მუსიკალურად მე გავუწევ ხელმძღვანელობას. დაგეგმილი გვაქვს კონცერტები კანადაში და სხვა ქვეყნებსა თუ დიდ ქალაქებში.
10. საკუთარი ქვეყნისგან შორს, რა გენატრებათ ყველაზე მეტად უცხო მიწაზე და უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს?
მენატრება ქართველი ხალხი, ქართული გარემო, ჩემი ქალაქი ბათუმი, ოჯახის წევრები, ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი... ჩემი მდინარეც მენატრება ქედის რაიონში...
რაც შეეხება საქართველოსთან ჩემს გეგმებს, ვმუშაობთ ახალ კომპოზიციებზე და ვაპირებთ ალბომი ჩავწეროთ და შემდეგ მისი პრეზენტაცია ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში ჩავატაროთ.
ავტორი: ქეთი იმერლიშვილი