თეგებით ძიება
27. 02. 2017 News-ები

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

24 თებერვალს, აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ სითიში, კერძოდ, ტროპიკანა კაზინოში "Ring of Combat MMA"-ს ქამრისთვის, ბრძოლა წესების გარეშე გაიმართა, სადაც ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მაქსიმალური შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. Goga.tv სპეციალურად დაუკავშირდა მერაბს და მისი ამერიკული ცხოვრებით და სპორტული კარიერით დაინტერესდა:

მერაბ, რამდენი ხანია, რაც სპორტით ხარ დაკავებული?
- ბავშვობიდან მიზიდავდა, მითუმეტეს საბრძოლო ხელოვნება. ალბათ, ამ ყველაფერს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ოჯახში მუდამ სპორტული ატმოსფერო ტრიალებდა. ჩემი უფროსი ძმები მოჭიდავეები არიან და მუდამ მისდევდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. როდესაც ვანის რაიონიდან საცხოვრებლად თბილისში გადავედი, ვაკეში, სპორტის აკადემიის დარბაზში ძიუდოზე შევედი, სადაც კახა მოცრაძე და ალიკა ჩახუნაშვილი იყვნენ ჩემი მწვრთნელები. ვარჯიშისთვის ენერგიას არ ვზოგავდი და საკმაოდ ნორმალური მიღწევებიც მქონდა. პარალელურად, ბედი სამბოშიც ვცადე და ძალიან მალე, ევროპის პრიზიორი გავხდი ახალგაზრდებს შორის, მაგრამ ბოლოს, მაინც ბრძოლა წესების გარეშე ავირჩიე, რადგან ამ სპორტისკენ უფრო იხრებოდა ჩემი ინტერესები, აქ ვხედავდი ჩემს მომავალს.

ამერიკაში როდის ჩახვედი?
- ამერიკაში 2012 წელს ჩამოვედი, მანამდე კი ორგანიზაცია "Guff"-ის ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატის ჩემპიონი გავხდი, რომლის შემდეგ, ბატონმა თენგო სეფიაშვილმა, რომელიც ამერიკაში კლუბ Mutant MMA-ს მფლობელი და MMA-ს მენეჯერია, სამი გამორჩეული და პერსპექტიული სპორტსმენი შეგვარჩია და ლევან მაყაშვილს, გიორგი სეთურიძეს და მე, შემოგვთავაზა, სამოყვარულო ქამრებისთვის აშშ-ს ბრძოლებში მიგვეღო მონაწილეობა. ასე დაიწყო აქ ჩემი სპორტული კარიერა.

რთული არ იყო, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისთვის ფეხი აგეწყო და პარალელურად კარიერაზე გეფიქრა?
- დიახ, თავდაპირველად ძალიან რთული იყო ყველაფერი. ამას ისიც ემატებოდა, რომ მწვრთნელი და მენეჯერი მაიძულებდნენ გამოვსულიყავი სამოყვარულო კიქ-ბოქსინგსა და სამოყვარულო ბოქსში, სადაც გამოცდილება არ მქონდა და ძალის და გამძლეობის ხარჯზე მიწევდა ამ სახეობებში წარმატებისთვის მიმეღწია. ჩემმა შრომის შედეგმაც არ დააყოვნა და სამოყვარულო ბოქსის ტურნირში- ოთხჯერ, ხოლო სამოყვარულო კიქ-ბოქსინგში კი ორჯერ მოვიპოვე გამარჯვება. ბოლოს, მოვძებნე MMA (ბრძოლა წესების გარეშე) კლუბი "Serra -Longo FightTeam", სადაც დღემდე ვვარჯიშობ, მყავს ძალიან კარგი მწვრთნელები და კმაყოფილი ვარ. როდესაც დარბაზში მივდივარ, იქ ისეთი ოჯახური გარემო მხვდება, ემიგრანტობა სულ მავიწყდება და მხოლოდ ვარჯიშზე ვფიქრობ. მიხარია, რომ უკვე პროფესიონალებში ვიბრძვი და უკვე "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელი ვარ. ახლა, ჩემი მიზანია, რომ ეს ტიტული იქამდე დავიცვა, სანამ UFC-ში არ გადავალ, სადაც სპორტის ამ სახეობის ნამდვილი ვარსკვლავები იბრძვიან. მინდა, ჩემი ქვეყანა კიდევ ბევრჯერ ვასახელო.

ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელსაც შეხვედრილხარ...
- ალბათ, ამერიკელი შავკანიანი ტონი გრაველი, რადგან ბრძოლის დროს კარგად იყენებს ჭიდაობის ილეთებს, ასევე არაჩვეულებრივად ფლობს ბრაზილიურ ჯიუჯუცუს, ანუ მახრჩობელა და ხელ-ფეხის მტკივნეული ილეთები იცის. ასე, რომ მასთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებოდი და საბოლოოდ, ქულების უპირატესობით დავამარცხე.

ვინ იყო შენი მეტოქე "Ring of Combat MMA" ქამრისთვის ბრძოლაში და ელოდებოდი თუ არა ასეთ შედეგს?
- მაქსიმალურად ვემზადებოდი და ვიხარჯებოდი ამ ორთაბრძოლისთვის. ყველა ბრძოლას იგივე პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ასეთია ბრძოლის წესები, თუ გინდა მოიგო, თანამებრძოლზე ძლიერი უნდა აღმოჩნდე. ამჯერად, ჩემი მეტოქე წარმოშობით ტაჯიკი, შუკრობ აიდარბეკოვი იყო, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. ვიცოდი, რომ ბოლო ორ ორთაბრძოლაში ნოკაუტებით ჰქონდა მოგებული ფეხის ტრიალში დარტყმით, სწორედ ეს წარმოადგენდა ჩემთვის პატარა საფრთხეს, რაც შეეხება გამარჯვებას, დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა, რომ ასეც მოხდებოდა.

რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივრებს?
- ქართველი გულშემატკივრების ქომაგობა ყოველთვის დიდი სტიმულის მომცემია ჩემთვის და მადლობა მათ ამისთვის. ვპირდები, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის და თავს არ დავზოგავ, რომ გამარჯვების სახელით კიდევ ბევრჯერ იფრიალოს საქართველოს დროშამ.

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია

ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი  "Ring of Combat MMA"-ს ქამრის მფლობელია


სპეციალურად TIA.ge-სთვის
ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა