თეგებით ძიება
27. 02. 2017 News-ები

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ ჩაატარა ევროპის ლიგის მე-3 ეტაპი, ხუთივე მატჩში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბოლო მატჩი ძლიერ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.

ქართველების მეტოქე გახლდათ მოსკოვის "ხიმკი", რომელიც საქართველოს მსგავსად, მიმდინარე ეტაპზე დაუმარცხებელი იყო. მთლიანობაში კი, აქამდე გამართული პირველი და მეორე ეტაპის საერთო შედეგებით ცხრილში ქართველებზე მაღლა - მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრების მიზანი 16-გუნდიანი ტურნირის საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრა და შესაბამისად, ოთხთა ფინალში გასვლა გახლდათ. ესტონურ ეტაპზე ხუთივე გამარჯვებით საქართველომ ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა და ევროპის ლიგის მოსაგებად აპრილის თვეში მოსკოვში მოუწევს ასპარეზობა.

სულ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის 3 ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 11 მოიგო.

"ხიმკისთან" გამართულ მატჩში ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 66:63 იმარჯვეს. საქართველომ პირველი პერიოდი 18:17 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე სოლიდური, 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა -
37:27. მოსკოველებმა მესამე ათწუთეული 21:13 მოიგეს, ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ჩერქეზიშვილის გუნდმა შეხვედრა ღირსეულად ჩაამთავრა. ბოლო წუთზე ანგარიში 2 ქულამდეც შემცირდა (60:62), მაგრამ დავით აფხაზავას და დავით ლომიძის ქულებმა სასურველი შედეგი მოგვიტანეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი კი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 წუთში 18 ქულა მიითვალა. 12 ქულა და 8 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა, დავით ლომიძემ კი 9 ქულა მოაგროვა.

სარგებლიანობის ინდექსით ფევაძის შემდეგ იყო დავით აფხაზავა, რომელმაც 11 შედეგიანი გადაცემა, 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

მე-3 ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დავით აფხაზავა დასახელდა, რომელსაც მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზი გადაეცა. ეტაპის სიმბოლურ ხუთეულში ორგანიზატორებმა ალექსანდრე ფევაძე შეიყვანეს. ეტაპის გამარჯვებულის თასი ჩვენი ნაკრების კაპიტანმა - დავით ლომიძემ ჩაიბარა.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ესტონური მატჩების შედეგებს:

საქართველო - ასეკო (პოლონეთი) 91:32
საქართველო - დსნ (ლატვია) 89:55
საქართველო - ოლიმპი (ბელორუსი) 60:46
საქართველო - ბუდაპეშტი (უნგრეთი) 66:34
საქართველო - ხიმკი (რუსეთი) 66:63
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა