საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერა
ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ, დოკუმენტს ხელი მოეწერა. უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია ცოტა ხნის წინ შედგა.
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. პრემიერი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან.
რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
rustavi2.com