Fox News - რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ
რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს.
მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) სახელდებიან.
Fox News-ის თანახმად, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”, აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას “საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი, ივანიშვილის რეჟიმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო”.
კანონპროექტის თანახმად, “არც ერთ ფედერალურ ოფიციალურ პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არავითარი ფედერალური დაფინანსება არ იქნება ხელმისაწვდომი, რათა აღიარებულ იქნას ან სხვაგვარად მოხდეს შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებაზე” მინიშნება.
ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ მათ კომენტარისთვის “ქართულ ოცნებას” მიმართეს, თუმცა პარტიამ მათ მოთხოვნას პასუხი არ გასცა.