თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

ხელახალი ბრძოლა "რუსთავი-2-სთვის" - აქიმიძე და დვალი კომპანიის 60%-იან წილის დაბრუნებას ითხოვენ

"რუსთავი2“-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით დღეს სამოქალაქო სარჩელს შეიტანენ.

"რუსთავი2“-ის დამფუძნებლების ადვოკატის კახა კოჟორიძის აცხადებს, რომ ისინი სამართლებრივ ბრძოლაში გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ.
„ასევე ვამატებთ სხვა მრავალ გარემოებას, მტკიცებულებასა და არგუმენტს. ყველა სამართლებრივ საკითხზე, რაც შეიძლება დაისვას ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით. პასუხები უკვე წერია დიდი პალატის გადაწყვეტილებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ გვაქვს გადმოკოპირებული დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან. ეს არის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის ყველა არგუმენტი მისსავე საწინააღმდეგოდ იქნებ გამოყენებული. თუმცა, გარდა ხალვაშის სარჩელის მსგავსი არგუმენტებისა, ჩვენ გვაქვს დამატებითი ფაქტები და არგუმენტები, რაც ჩვენს სარჩელს დამატებით იურიდიულ ძალას სძენს" - აღნიშნა კოჟორიძემ.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს.

„დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების აღდგენას შეეხება. იმედი გვაქვს, პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე და მას ყურადღებით დააკვირდებიან როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესი მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ამიტომ, წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას მხარდაჭერის თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ ამ პროცესს. „რუსთავი 2”-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ასევე, “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომელთა მმართველობის დროსაც, 2004 წელს განხორციელდა კომპანიის ჩვენთვის იძულებით ჩამორთმევის პროცესი, ახლა მაინც აღიარონ ჩვენ მიმართ დაშვებული შეცდომა და ხელი შეუწყონ მედია გარემოს გაჯანსაღებას" - განაცხადა აქიმიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა