თეგებით ძიება
08. 04. 2020 News-ები

დეზინფორმაცია COVID-19-ის პანდემიისას - რუსეთის უცვლელი იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ

გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო საერთო საფრთხეს ებრძვის, კრემლს COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ურჩევნია. დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა მსოფლიოს 199 ქვეყანაში. დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 1, 450, 086 -ს შეადგენს, გარდაცვლილთა - 83, 466-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა - კი 309, 3019.

რას აკეთებს ევროკავშირი?

მონაცემები, რომლებიც მუდმივად ახლდება, ცხადყოფს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია. ამ ვითარებაში, ევროკავშირმა კორონავირუსთან საბრძოლველად 232 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც 114 მილიონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადაეცემა, 100 მილიონი გათვლილია კვლევების, ვაქცინებზე მუშაობისა და მკურნალობის დაფინანსებისთვის, 15 მილიონი პარტნიორი ქვეყნების დახმარებისთვის, 3 მილიონი ევრო კი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სპეციალური აღჭურვილობის შეძენასა და მათი მოქალაქეების სახლში დაბრუნებისთვის.

ევროკომისიამ 47.5 მილიონი ევრო გამოყო ჰორიზონტ 2020-ის 17 პროექტისთვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ევროკომისია 700 მილიონი ევროს ღირებულების არსებული ფისკალური ინსტრუმენტების გამოყენებას, კოროვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად გადაამისამართებს. ახლად აღმოჩენილი ვირუსის ჯერჯერობით შეუსწავლელი ბუნებიდან გამომდინარე, მისი კონტროლი თითქმის შეუძლებელია. შექმნის პროცესშია ვაქცინაც.
ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ, როდესაც ერთ სამედიცინო ნიღაბსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული ქვეყნისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები, პანდემიის დაწყებისას ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიას ეხმარებოდნენ. კერძოდ:
საფრანგეთი და გერმანია თითო მილიონი, ხოლო ავსტრია 1,6 მილიონი სამედიცინო ნიღბით;
საფრანგეთი 200,000 პერსონალური დაცვის აღჭურვილობითაც
გერმანია კი საფრანგეთიდან და ჩრდილოეთ იტალიიდან დაავადებულ პაციენტებს იღებს და მკურნალობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აწარმოებენ გაძლიერებულ საინფორმაციო კამპანიებს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ვირუსის დამარცხებისთვის. აღსანიშნავია რომ ამ საინფორმაცი კამპანიებში ერთვებიან როგორც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები.

რას აკეთებს რუსეთი? - ავრცელებს დეზინფორმაციას

მას შემდეგ, რაც ჩინეთში ვითარება დასტაბილურდა, იტალიის დასახმარებლად ჩინელი ექიმებიც ჩავიდნენ. ჩინელი ექიმების ჩასვლა გააშუქა რუსულმა მედიამ და დასავლეთი სრულ უმოქმედობაში დაადანაშაულა, მეტიც, მხსნელის მანტია თვითონ მოირგო, როცა განაცხადა, რომ იტალიას დახმარებას უგზავნიდა, “ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილების მქონე” სამხედროების, დეზინფექციის მობილური სადგურებისა და ლაბორატორიების სახით.

რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლოა და იტალიის სამედიცინო სისტემა მას ვერაფერში გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დეზინფორმაციის გავრცელება კარგად გამოსდის რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მედია გამოცემა “სპუტნიკს”. 15 მარტს, სპუტნიკის ლატვიის ბიუროს ვებ გვერდზე, კორონავირუსის შესახებ სრულიად უსაფუძვლო თეორიების მთლიანი კატალოგი გამოქვეყნდა. დეზინფორმაციაში გამოყენებული მთავარი მითებია მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსი ლატვიაში შეიქმნა; ევროპაში მიგრანტებმა ჩაიტანეს; ეს არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა თუ ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღი; “ყვითელ ჟილეტიანების წინააღმდეგ მიმართული; გრეტა თუნბერგის დასახმარებლად შექმნილი; თუ ბრექსიტისგან ყურადღების გადასატანად, მედიის მიერ ატეხილი პანიკა. ერთ-ერთი თეორია ირწმუნებოდა, რომ COVID-19, იტალიაში ხანდაზმულთა რაოდენობის შესამცირებლად, ხელოვნურად შეიქმნა და სწორედ ამიტომ გავრცელდა პირველად იქ.
“სპუტნიკის” მეთოდოლოგია, სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული თეორიების გავრცელებაა, რაც უფრო დიდი ქაოსის შექმნისკენაა მიმართული.
როგორც EuvsDisinfo წერს, აღნიშნულ ტენდენციას “სპუტნიკის” არაბული ბიუროც მისდევს და ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის მიერ ანტიაზიური მიზნების მისაღწევად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა “სპუტნიკის” სომხური ბიუროს მტკიცებითაც და მათივე თქმით ეს ჰიბრიდული ომის მაგალითია. ხოლო აზერბაიჯანული ბიურო COVID19-ს, ჩინეთის ეკონომიკის დასასუსტებელ ინსტრუმენტად განიხილავს, ისევე როგორც “სპუტნიკის” ბელორუსიული გამოცემა. ბელორუსის გამოცემა იმასაც წერს, რომ კორონავირუსის შექმნა, შესაძლებელია ნატო-ს ბიოლოგიურ ლაბორატორიებშიც. ქართული “სპუტნიკის” მტკიცებით კი, ეპიდემია შემთხვევითი არ არის და მის უკან ეკონომიკური მიზნები დგას.

რეალურად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ თეორიებს დაადასტურებდა. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ ვირუსის ზუსტი წყაროს დადგენას. თუმცა, არსებული კვლევების თანახმად, წყარო სავარაუდოდ დაინფიცირებული ღამურა იყო. ღამურებმა შეიძლება შარდის ან განავლის მეშვეობით დაასნებოვნეს ცხოველების ბაზარზე არსებული გარემო, ვირუსი მოხვდა სხვა ცხოველებზე, შემდეგ ეს ცხოველები ადამიანებმა საკვებად გამოიყენეს და ვირუსიც ასე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი, პრორუსული მედია-სააგენტოები აღნიშნულ ნარატივს იზიარებენ და მაგალითად “ჯივორდი” და “ნიუსფრონტი” ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოება კარგს არაფერს მოუტანს და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი რუსეთთან დაახლოებაა. ამტკიცებენ იმასაც, რომ იტალიას მხოლოდ რუსეთი ეხმარება და “ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ზურგი აქცია”.
რას აკეთებს დასავლეთი საქართველოსთვის?

რეალურად კი, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს $1.1 მილიონ დოლარს გადასცემს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად




რა მიზანი აქვს რუსულ დეზინფორმაციას?

სოციალურ ქსელებში შექმნილი ისტერიის ფონზე, ევროკავშირმა წევრი ქვეყნების მთავრობები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ რუსული მედია კრემლის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ, შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

Reuters-ის ცნობით, ევროპის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ანგარიშის თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ სადეზინფორმაციო კამპანიის მიზანს, ევროკავშირის მოქალაქეებში მთავრობებისადმი უნდობლობის გაღვივება და პანიკის დათესვა, შედეგად კი ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, 22 იანვრიდან 18 მარტამდე, რუსული მედიასაშუალებების მიერ განზრახ გავრცელებული ფეიკ-ნიუსების რიცხვი 80-ს აღწევს. „კრემლის დეზინფორმაციის მთავარ მიზანს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება წარმოადგენს“ - ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ Google-სთან, Facebook-თან, Twitter-სა და Microsoft-თან. აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ თავისი წვლილი პასუხისმგებლობა აიღო ფეისბუკმა, კერძოდ:
ფეისბუკი ზღუდავს COVID-19- ის შესასახებ ყალბი ინფორმაციის შემცველ მასალებს;
ზღუდავს ისეთ რეკლამებს, რომლებიც მომხმარებლებში პანიკის დათესვას ისახავს მიზნად;
ზღუდავს საზოგადოების შეცდომაში შემყვან რეკლამებს, რომლებიც კორონავირუსისგან განკურნების მეთოდებს შეიცავს;
ჯანმო-ს სთავაზობს უფასო სარეკლამო სივრცეს, აუცილებელი ინფორმაციის საზოგადოებამდე მისაწვდენად

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა