თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

პანდემიის დროს "ქართულმა ოცნებამ" 2 მილიონზე მეტის შემოწირულება მიიღო

"ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე 2 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავს და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას წირავდა და ახლა ქართულ ოცნებას სწირავს. შემომწირველები, როგორც წესი სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები არიან, იკვეთება მათ შორის კავშირები და ასევე კავშირები სახელმწიფო ტენდერებთან, “აწარმოე საქართველოს” დაფინანსებულ პროექტებთან და სხვა სახელმწიფო პროგრამებთან. შემოწირველებს შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებული ბიზნესმენები, ფონდ ქართუს თანამშრომლები, სპორტული კლუბების ხელმძღვანელები, ჰესების მშენებლები და ისეთებიც, ვინც ბიზნეს რეესტრში საერთოდ არ იძებნება.



წლების მიხედვით შედარებისას ირკვევა, რომ ქართულ ოცნებას არასაარჩევნო პერიოდშიც ჰყავს მსხვილი და ერთგული შემომწირველები. 2019 წლის იანვარ-მაისის დროს მიღებული შემოწირულებები და შემომწირველების რაოდენობა მსგავსია 2020 წლის იმავე პერიოდის - 2019 წელს 99 შემომწირველმა 2 710 500 ლარი შეწირა მმართველ პარტიას.



5 მაისს 50 000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას ბაკურ კიღურაძემ, შპს უტას ხელმძღვანელმა, რომელიც 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლოს განაჩენის მიხედვით კიღურაძე “ინტერნეტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა არხების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დაზვერვას გადასცემდა.” კიღურაძე მის დაკავებას ბიზნეს-საქმიანობას, კერძოდ შპს ნიმა-ინვესტს უკავშირებდა. 2012 წელს მან ციხიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძეს, “ღირსეულ პიროვნებას”, ”ვაჟკაცს” და ”გმირს” უწოდებდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კიღურაძე 2016 წელს შეჩერებული პროექტების გაგრძელებაზე საუბრობდა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი მომდევნო წლებშიც.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა