თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.
დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა