ჩემი კოლეგა ცხვირ-პირის მტვრევით მირბის გადაცემაში და ჩემს სიმღერას ასრულებს, რას ნიშნავს ეს!
მომღერალი ლიზა ყენია იღებს გადაწყვეტილებას, არც ერთ შოუში ჰონორარის აღების გარეშე არ მივიდეს. ის თავისი ახალი გადაწყვეტილების შესახებ “ფეისბუქით” ამცნობს საზოგადოებას.
“მაშინ როცა შენ ხელფასს იღებ იმაში, რომ მიგყავს გადაცემა, ან ხარ რამე გადაცემის პროდიუსერი, მინდა ისიც იცოდე: ვისი დახმარებითაც ქმნი გადაცემას, ვგულისხმობ სტუმარს, რომელიც თავისი ცხოვრების რამდენიმე საათს გითმობს და გიდებს რეიტინგს, უნდა გადაუხადო ფული, რადგან ისიც თავის საქმეს აკეთებს, ისიც მუშაობს და ისიც იმსახურებს ანაზღაურებას.
როგორც გინდათ ისე მიიღეთ, მაგრამ არც ერთ გადაცემაში არ დამიძახოთ, თუ არ გექნებათ გათვლილი ჰონორარი. ძაან ახლოებზეც გადის” – სოციალურ ქსელში წერს მომღერალი, ლიზა ყენია.
ლიზას ამ პოსტს კომენტარებში ეხმაურება დედა, მომღერალი მაია ჯაბუა.
“სოლიდარობის და ღირსების გრძნობა სანამ არ გვექნაბა, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მანამ მოგვექცევიან ასე უპატივცემულოდ! მე რომ არ მივალ და ამ დროს ჩემი კოლეგა ცხვირ-პირის მტვრევით მირბის გადაცემაში და ჩემს სიმღერას ასრულებს, რას ნიშნავს ეს! ისწავლეთ სოლიდარობა და პირველ რიგში ჩვენი პროფესიის პატივისცემა! იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო, ჰა ვიყვირეთ მე და ლიზამ!” – წერს ჯაბუა.
მომღერალი “პრაიმტაიმთან” საუბარში აკონკრეტებს გადაცემას, რომელსაც შოუში უჰონორაროდ მისვლაზე უარი უთხრა. ჯაბუა პრეცენდენტის დამკვიდრებას ცდილობს და კოლეგებს სოლიდარობისკენ და ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.
მაია ჯაბუა: – გადაცემა “ავტოფრაფს” მოვთხოვე, მანამ არ მოვალ, სანამ მუსიკოსებს არ გადაუხდით ფულს-მეთქი. ჰონორარი მოვითხოვე – დროა! მიპასუხეს, რომ სამწუხაროდ, ჯერ ეს ჩვენთან არ ხდებაო. თუ ვინმემ არ მოინდომა, არც არასდროს მოხდება.
როდესაც ტელევიზიებს ხარჯთაღრიცხვა აქვს ჩამოწერილი, კეთილი ინებონ და გაითვალისწინონს მომღერლის ჰონორარი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მუსიკალური ნაწილი აქვს შოუს, იწვევენ მუსიკოსს, მომღერალს, ინსტრუმენტალისტს. ყველამ თავისი ჰონორარი უნდა აიღოს.
რატომ აქვთ ამაზე ტელევიზიებს უარყოფითი რეაქცია და რატომ უკვირთ, ეს მაოცებს. მათ ქრონომეტრაჟს რომ ვავსებთ და რამდენიმე ათასს რომ იღებენ (არავის თანხას არ ვითვლი), ჩვენი შრომაც დააფასონ. ჩვენი შრომაც – შრომაა. დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ, პროფესიონალი ვარ და მინდა პატივი სცენ ჩემს შრომას.
– მიგაჩნიათ, რომ შოუში სიმღერის შესრულების დროს უნდა აიღოს მომღერალმა ჰონორარი, თუ რაღაც თემის გარშემო სასაუბროდ მისულმაც?
– თემასაც გააჩნია. როდესაც შენზე კეთდება გადაცემა, ამოიღებ და მოყვები მთელს შენს ცხოვრებაზე, უნდა აიღო ჰონორარი. მე ჩემს ცხოვრებაზე საუბარს არსად ვაპირებ. როცა ზოგად და საჭირბოროტო თემაზე სასაუბროდ ხარ მისული, როგორც მოქალაქე, შეიძლება ამ დროს არ მოითხოვო ჰონორარი. როგორც მომღერალს რომ გიწვევიან და გამღერებენ, ჰონორარი აუცილებლად უნდა აიღო.
– ახალ თაობას, იგივე ლიზა ყენიას თაობასაც უნდა გააჩნდეს იმის ამბიცია, რომ შოუში სტუმრობისთვის ჰონორარი მოითხოვოს?
– რას ნიშნავს ახალი თაობა? დიდ კონცერტზე, რომელსაც მერია აწყობს, მეც რომ იგივე ჰონორარს მიხდის, რასაც ორჯერ ნამღერ მომღერალს, ეს შეიძლება? პროფესია არის პროფესია. ნაშრომში ყველას უნდა მიეცეს თავისი საზღაური. მაგრამ მე, რომელიც 45 წელია ვდგავარ სცენაზე, სხვა ჰონორარი უნდა მომცენ, ახალგაზრდას – სხვა. თუმცა ყველას პატივისცემა უნდა ვისწავლოთ.
შოუს რომ აკეთებს, რეიტინგის დადება რომ უნდათ, ქრონომეტრაჟს მომღერლების ხარჯზე ავსებენ და ხელფასები ათასები რომ აქვთ, ჩვენი ნორორარიც უნდა გაითვალსწონონ.
ჩვენ გარეგნობაზეც უნდა ვიზრუნოთ, გზაში ჩვენს საწვავს ვწვავთ, ვსაუბრობთ, ვმღერით და სახლში ცარიელები მოვდივართ. ამ დროს მომღერლებს აღარც კონცერტები გვაქვს, არც – ხელფასი. რესტორნები, კლუბები ვერ ირგებს ზოგიერთის რეპერტუარს.
იხილეთ ინტერვიუ სრულად