"წინა დღეს მეზობელს სიმინდის მოტეხვაში დაეხმარა… ნადირობაც უყვარს, თუმცა არ მჯერა რომ მან ჩაიდინა“, – რას ყვებიან ესებუაზე მეზობლები
ბადრი ესებუას კვალს ამ დრომდე ვერსად მიაგნეს. მიუხედავად იმისა, რომ
მისი ოჯახი უკვე სამი დღეა აანონსებს, რომ ის სახლში დაბრუნდება და განცხადებას თავად გააკეთებს, ტერორიზმში ბრალდებული 32 წლის ესებუა ამდრომდე არ ჩანს.
ყოფილი სამხედროს შესახებ კი დღეს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ასაჯაროებს.ირაკლი ღარიბაშვილის უწყება კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძებნილი ქართული ჯარის რიგებში არ ირიცხება. ის სამსახურიდან 2019 წლის 4 ივლისს დაითხოვეს. თუმცა, სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი არ კონკრეტდება. უცნობია, ესებუა წავიდა თუ არა ჯარიდან საკუთარი სურვილით, თუ ის სამსახურიდან სამინისტრომ გაუშვა.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა ამ დრომდე პოლიციაში ისევ დაკითხვაზე იმყოფებოდა. სამართალდამცველები იმით არიან დაინტერესებულები, საიდან აქვს მამას ინფორმაცია, რომ ის სახლში უნდა დაბრუნდეს.
ოჯახი გუშინ და დღესაც ამტკიცებს, რომ ბადრი ესებუა სახლში დღეს უნდა დაბრუნებულიყო.
მეზობლების ინფორმაციით, ესებუას პრობლემა ფილტვზე ჰქონდა და ის თბილისში სამკურნალოდ იყო წასული. უცნობია ამოიღო თუ არა რაიმე ნივთმტკიცება ესებუების სახლიდან სპეცოპერაციის შემდეგ უწყებამ. ბადრი ესებუას სამართალდამცავები მე-8 დღეა ისევ უშედეგოდ ეძებენ.
“დღეს ელოდებიან, ოთხშაბათს ელიანო და ოთხშაბათი ხომ არის დღეს. ერთი კვირაა არ მინახია. მაგ ბიჭი არაა მაგის გამკეთებელი, უპატიოსნესზე უპატიოსნესია,” – აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი გიორგი ესებუა.
მეზობლები ამბობენ, რომ ბადრი ესებუა მომხდარ ფაქტამდე წინა დღეს ნახეს. ის მეზობლებს სიმინდის მოტეხვაშიც კი დაეხმარა და რაიმე აღელვება ან შფოთვა მისთვის არ შეუმჩნევიათ.
„რეზონანსთან“ მეზობლები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და მათთვის წარმოუდგენელია, რომ ის ამას ჩაიდენდა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს, რომ ის თავდაცვის სამინისტროზე გაბრაზებული იყო.
მას ჯამრთელობის პრობლემები ჰქონდა და ჯარი ამიტომაც დატოვა. მეზობლები იმასაც ადასტურებენ, რომ ესებუას ნადირობა უყვარს და სავარაუდოდ, სახლში გაფორმებული სანადირო თოფიც უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ მეზობლები ვერაფრით ვერ ვამსგავსებთ. თვალის ჭრილი და სიმაღლე შეუსაბამოა. ხმაც არ ვიცი, ვერ მივამსგავსეთ. უჭკვიანესი, მშვიდი და გაწონასწორებული ბიჭია. მასზე ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენ. ჯარიდან წამოვიდა იმიტომ, რომ ფილტვები აწუხებს. ამიტომაც ფიზიკური აქტივობა ვეღარ შეძლო.
“არასდროს არ უთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროზე ნაწყენი იყო. შრომობდა მამასთან და ძმებთან ერთად. აგერ წინა დღეებში მეზობელს სიმინდის მოტეხვაში ეხმარებოდა. რა შეიარაღება, მსგავსი რამ საიდან უნდა ჰქონოდა. ნადირობა კი ნამდვილად უყვარს და სანადირო თოფიც გაფორმებული ექნება. არ ვიცი კანონმორჩილი ოჯახი და მამა კიდევ უპატიოსნესი კაცია. ისეთი წარმოუდგენელი რამ ხდება ამ ოჯახის თავს, მტერს არ ვუსურვებ“,-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება იმას ჰყავდა თუ არა ბადრი ესებუას მძევლებს შორის თანამზრახველები, გამოძიებას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. თუმცა, მედიაში გავრცელებული ეჭვი, რომ შესაძლოე ეს მოქმედი სამხედრო დავით ხვიბლიანი იყოს მისი ოჯახი და თავად ხვიბლიანიც კატეგორიულად უარყოფენ. ჯარისკაცი უკვე ორი დღეა მედიასთან აღარ ჩნდება. თუმცა კომენტარი „კურიერთან“ მისმა მეუღლემ თათია ტიბუამ გააკეთა.
ხვიბლიანის მეუღლის თქმით კი, ხვიბლიანი ხელფასს ნამდვილად ყოველი თვის 21 რიცხვში იღებს და სწორედ ამ მიზეზით იმყოფებოდა ის ბანკში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ამზადებს სარჩელს ცრუ ბრალდებების გამო, თუმცა კონკრეტულად რა გეგმები აქვთ ხვიბლიანებს, მისი მეუღლე არ აკონკრეტებს.
“ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად. თვითონ სტრესი აქვს ახლა, მე მგონი ძალიან მარტივი არის, რომ დაინახოთ, ძალიან რთულად არის. ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, რომ მძევალი იყო და მერე ცილისწამება ამდენი ხალხის და გარკვეული ჯგუფების მხრიდანაც.
21-ში ერიცხება ხელფასი და ამის დამტკიცება ძალიან მარტივია. ამ ადამიანმა თანხა აიღო. დათოს გარკვეული თანხა ეჭრება, თუმცა ისე, რომ საერთოდ ხელფასს ვერ იღებს და ტყუილად იყო მისული, სისულელეა. ოპერატორი სჭირდებოდა და რაღაც გადარიცხვებიც უნდა გაეკეთებინა, მათ შორის ჩემთვისაც უნდა ჩაერიცხა. არ ჰქონია ჯერ კონსულტაციები ადვოკატთან, არ ვიცი ექნება თუ არა,” – განაცხადა თათია ტიბუამ “კურიერთან” საუბრისას.
ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.
წყარო:newposts.ge