მოემზადეთ ჰელოუნისთვის - როგორ გამოვჭრათ გოგრისგან „ჯეკის ფანარი“
31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკური სამყარო ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც ფესვები საუკუნების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს.
კელტების რწმენით, 31 ოქტომბრის ღამეს მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. მკვდარი სულებისა და მოჩვენებების მსხვერპლები რომ არ გამხდარიყვნენ, კელტები სხვადასხვა მხეცების ტყავს იცვამდნენ, რომ მომხვდურები დაეფრთხოთ. 21-ე საუკუნეში ქუჩაში ავი სულები აღარ დადიან, მაგრამ 31 ოქტომბრის ტრადიციები ისევ რჩება.
ჰელოუინს ძირითადად აშშ-სა და კანადაში აღნიშნავდნენ, მაგრამ ბოლო წლებში ის ევროპის ბევრ ქვეყანაში და საქართველოშიც პოპულარული გახდა.
ჯეკ ლანტერნი ამ დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა. ლამაზი გოგრები მახინჯი სახეებით - ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია.
ლეგენდის თანახმად, მოხერხებულმა მჭედელმა ჯეკმა ხაფანგში თავად ეშმაკი გააბა. გათავისუფლების სანაცვლოდ, ჯეკმა ეშმაკს პირობა ჩამოართვა, რომ არასოდეს ჩაერეოდა მის ცხოვრებაში და გარდაცვალების შემდეგ მის სულს ჯოჯოხეთში არ წაიყვანდა. გამომშვიდობებისას ეშმაკმა ჯეკს ნახშირის ნაჭერი მისცა, რომ სიბნელეში გზა გაენათებინა. წვიმას რომ არ დაესველებინა, ჯეკმა ნახშირი გოგრაში ჩადო და გზას გაუდგა.
მაშ ასე, ჩვენ გასწავლით როგორ გავაკეთოთ ჯეკის ფანარი საკუთარი ხელით - ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესო ბავშვებისთვის იქნება.
თქვენ დაგჭირდებათ საჭირო ზომის ლამაზი გოგრა რბილი კანით, რომ მისი დამუშავება არ გაგიჭირდეთ.
სანამ საქმეს შეუდგებით, მოიმარაგეთ მჭრელი დანა ან პატარა ხერხი, საპონი, სპირტი ან არაყი, კოვზი, ვაზელინი და მარკერი.
გოგრა საპნიან წყალში კარგად გარეცხეთ, შემდეგ კი სპირტში ან არაყში დასველებული ნაჭრით გაწმინდეთ. როცა კარგად გაშრება, გოგრას მჭრელი დანით მოაჭერით ზედა ნაწილი. შეგიძლიათ ქვედა ნაწილიც მოაჭრათ, რომ მყარად დადგეს.
ამის შემდეგ მოიმარჯვეთ კოვზი და გოგრას რბილობი და კაკლები ფრთხილად ამოაცალეთ. ეცადეთ, ნაყოფიდან რაც შეიძლება მეტი შიგთავსი ამოიღოთ, მაგრამ ამასთან ეცადეთ, რომ კანი არ დააზიანოთ. იდეალური სისქე „ჯეკის ფანარისთვის“ 2,5 სმ-ია.
ახლა მარკერის დახმარებით გოგრაზე რაც შეიძლება შიშისმომგვრელი სახე დახატეთ და ყველა დეტალი ფრთხილად ამოჭერით.
და ბოლოს, გოგრა კარად უნდა გააშროთ. ამისთვის ნაყოფი გაზეთებით ამოტენეთ და ისეთ ადგილზე დადგით, სადაც მზის სხივი და სინესტე არ მოხვდება.
გაზეთები რომ დასველდება (დაახლოებით, 6 საათში) ახლებით შეცვალეთ. როცა გოგრა საკმარისად გაშრება, შიგნიდან სპირტი წაუსვით, ხოლო ამოჭრილი ადგილები ვაზელინით დაუმუშავეთ. ასე „ჯეკის ფანარი“ სილამაზეს დიდხანს შეინარჩუნებს.
გამზადებულ „ფანარში“ სასურველი ფერის დეკორატიული სანთელი ჩადგით და იმხიარულეთ.