ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგებზე - სამადაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილება მანდატებთან დაკავშირებით ერთიანი უნდა იყოს.
"ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ, გამარჯვება რომელიც მოპოვა ოპოზიციამ 31 ოქტომბერს, არის საერთო ოპოზიციური გამარჯვება. ჩემი აზრით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება, მათ შორის, მანდატებთან დაკავშირებით. სწორი იქნება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგებზე" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი, ხელისუფლებისგან ითხოვს ხელახალ არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას. მისი თქმით, თამარ ჟვანიამ არჩევნების გაყალბებისთვის პასუხი უნდა აგოს. ასევე, ამასთან, სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხზე ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, რადგან არჩილ თალაკვაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიების დაშანტაჟებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
წყარო:newposts.ge