თეგებით ძიება

ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, ჩვენც გამოვიფიტებით - რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თავის დროზე, როდესაც კორონავირუსი იდენტიფიცირდა, პულსი გვეჭირა ახალ ინფორმაციაზე, რა და როგორ იყო. წაკითხული გვქონდა ყველას ყველაფერი, მაგრამ გამოცდილება არ გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ აირჩია მოდელი, რომელსაც კონსერვატული მიდგომა ჰქვია. რა გვასწავლა ამან? გვასწავლა ერთი რამ, რომ სხვის შეცდომებზე დაკვირვებით ჩვენ შეცდომა არ უნდა დაგვეშვა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვისწავლეთ უფრო თამამები გავხდით ამ დაავადებასთან ბრძოლაში, დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება იმისა, როგორ ვებრძოლოთ დაავადებას, როგორ ვუმკურნალოთ. პირველ რიგში, რაც ექიმებსა და მედპერსონალს გვასწავლა, ისაა, რომ არ უნდა ვიყოთ არავითარ შემთხვევაში, არც ერთი მოქალაქე ქაოსში, რადგან ქაოსი დამღუპველია.

8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, იმ ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაჭრადი იქნება, მაგრამ თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე ვიქცევით, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ რეკომენდაციები. ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო ჩვენც გამოვიფიტებით. დამერმუნება ყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, – განაცხადა ლევან რატიანმა ტეეკომპანია იმედის ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა