საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული "ლოკდაუნი" არ გამოცხადდეს - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს.
„სამწუხაროდ, აღინიშნება კოვიდ შემთხვევების მატება, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება რეკორდული რაოდენობა. 3 500-ს გადააცილა უკვე ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს საქართველოში არ ხდება, ეს არის მთელ მსოფლიოში, სადაც ყოველდღე მყარდება რეკორდები - 643 000 ახალი შემთხვევა იყო გუშინ, დღეს სავარაუდოდ, არანაკლები იქნება, განსაკუთრებით ბევრი ახალი შემთხვევაა ევროპაში. ევროპის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ლოკდაუნი, სრული ან ნაწილობრივი. გუშინ, საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპის ამ უდიდესმა ორმა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ლოკდაუნი, როცა პრაქტიკულად შეიზღუდება ყველანირი გადაადგილება, პარიზში საბუთის გარეშე მოქალაქეს ეკრძალება გამოსვლა სახლიდან - მხოლოდ სამსახურში, ან მხოლოდ აფთიაქში, მეტი არსად. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს ასეთ მკაცრ ზომებს მიმართოს, არის წერტილოვანი შეზღუდვები, წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები და თუ მოგვეცა საშუალება ამით გადავრჩეთ, ეს დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, იმიტომ რომ სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც ასე ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.
სამაგიეროდ, იმის გამო, რომ არ გამოაცხადეს ლოკდაუნი, სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს თავის თავზე დიდი დატვირთვის აღება უწევს. ლოკდაუნი რომ გამოცხადებულიყო, ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი გზა, არამედ ძნელი გზა, იმიტომ რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის, ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ მეტი საწოლფონდის, მეტი ექიმების მობილიზება, დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტი, რათა ის ხარვეზები, რომელიც დღეს შეინიშნება - დაგვიანება ტესტირებაში, დაგვიანება სასწრაფო დახმარების ექიმის მომსახურებისას, ოჯახის ექიმიდან, ზოგჯერ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, აღმოიფხვრას\'\', - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.