თეგებით ძიება

სადაც ხალხი იკრიბება და წესებს არ იცავს, ყველას მიუძღვის ბრალი - პაატა იმნაძე

რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ხშირად მეკითხებიან, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა ეპიდვითარებაზე საპროტესტო აქციებმა. გაზაფხულზე მსგავსი კითხვები ეკლესიას ეხებოდა. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - სადაც ხალხი იკრიბება და არ იცავს არანაირ წესებს, არ ატარებს პირბადეს და არ იცავს დისტანციას - ყველას მიუძღვის ბრალი. რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა