თეგებით ძიება

გაერთიანებული სამეფო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივ ვაქცინაციას ხვალიდან დაიწყებს

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივ ვაქცინაციას, გაერთიანებული სამეფო ხვალიდან დაიწყებს.

ბრიტანეთი Pfizer და BioNTech-ის მიერ შექმნილ ინექციას გამოიყენებს. გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყნაა მსოფლიოში, სადაც კოვიდ 19-ის აღნიშნულმა ვაქცინაციამ საგანგებო ავტორიზაცია მოიპოვა. ბრიტანეთი, საწყის ეტაპზე, ვაქცინაციას ასაკოვან ადამიანებს, მედიცინის მუშაკებსა და მზრუნველობამოკლებულთა სახლებში მომუშავე პირებს ჩაუტარებს

ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის საგანგებოდ დამტკიცების საკითხს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია 10 დეკემბერს განიხილავს, Moderna-ს ვაქცინის ავტორიზაციაზე მსჯელობა კი ამავე უწყებაში 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცების საკითხს ევროკავშირი დეკემბრის ბოლომდე გეგმავს, თუმცა წევრ სახელმწიფოებში ვაქცინაციის პროცესის დაწყება იანვრამდე მოსალოდნელი არ არის.

ასევე, რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის მასშტაბური ვაქცინაცია რუსეთმა შაბათს დაიწყო. მართალია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა - Sputnik V, მთავრობის მიერ აგვისტოში დამტკიცდა, თუმცა კლინიკური ცდები, რომელიც მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ამოწმებს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რიგი დგას ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ იუში, თუმცა ვაქცინა ექსპერიმენტულია და ჯერ მისი კლინიკური ცდები არ დასრულებულა.

ვაქცინაცია დაწყებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ჩინეთის „სინოფარმის“ მიერ შექმნილი ვაქცინით უკვე აცრეს პანდემიის წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პირები, ანუ მედიცინის მუშაკები. ასევე აიცრა დუბაის მმართველიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა