თეგებით ძიება

ე.წ. კომენდანტის საათის დროს საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება – კახა კალაძე

გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეზღუდვის საათებში თბილისის ძირითად ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები გამოირთვებოდა, თუმცა დღეს თბილისის მერმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ განათებები დედაქალაქში არც „კომენდანტის საათის“ დროს გამოირთვება.

"მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ჩვენ, საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ დარგის სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რათა დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება, დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს შეშინებულები და დათრგუნულები, რა თქმა უნდა არა, ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ნაძვის ხის ანთების დროს ვთქვი და მინდა, გავიმეორე, ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების დროს გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა ღამის საათებში განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს, დღესაც გვქონდა მერიაში ბევრი მსჯელობა, როგორც მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. გუშინ ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ არ გამოგვერთოთ ღამით საახალწლო ილუმინაციები. განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ესენი არიან: ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, ეს არის „თბილსერვისის“ თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები, ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესსა და მძიმე სამუშაოს მალამოდ დაედება. ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, რომ დარჩეს თბილისი განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის წყურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ ვითარებაში და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვაძლევენ. ყველაზე მაგარი დამცავი შესაძლებლობა არის პირბადის ტარება. დავიცავთ ამით საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა