თეგებით ძიება

ლევან რატიანი: ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და თუ სახელმწიფო ამ ტაქტიკით გააგრძელებს, ინფექციას შევაკავებთ

ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნაში მკვეთრად შემცირებულია. თუ ამ ტაქტიკით გააგრძელებს სახელმწიფო, მჯერა, რომ ინფექციის შეკავება მოხდება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში განაცხადა.

„გასაგებია პოლიტიკა, ეკონომიკა, მისი ღირებულებები, მაგრამ მთავარია სიცოცხლე. ფაქტია, რომ ამ კარანტინმა და იზოლაციამ ინფექციის მკვეთრი შემცირება მოახდინა. მე, როგორც რიგითი ექიმი, ჩემთვის სიცოცხლე უპირველესია, ყველასი ყველაფერი მესმის, ვიცი კარანტინი და იზოლაცია რა შედეგს იძლევა. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს მისთვის რა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩემთვის უპირველესი ადამიანის სიცოცხლეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 824 ადამიანს დაუდასტურდა, 4 227 კი გამოჯანმრთელდა.

28 ნომებრიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 209 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა