თეგებით ძიება

აშშ-ის ელჩმა დაადასტურა სწორედ ის განწყობა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - კაპანაძე

ევროპული საქათველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, აშშ-ის ელჩმა დაადასტურა ის განწყობა, რაც ოპოზიციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ არჩევნებზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები და გასაჩივრების პროცესი იყო სრულიად არაადეკვატური.

კაპანაძემ იმედოვნა, რომ აშშ-ის ელჩის ეს განცხადებები და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი წაახალისებს ქართულ ოცნებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალ, ნორმალურ არჩევნებზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დაადასტურა სწორედ ის განწყობა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ იყო ისეთი დარღვევები, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი, რომ გასაჩივრების პროცესი იყო სრულიად არაადეკვატური, რომ პრაქტიკულად ინსტიტუციებმა, რომელთაც ნათელი უნდა მოეფინათ, მართლა იყო თუ არა დარღვევები, ყველა საჩივარზე თქვეს უარი და აქედან გამომდინარე არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა.

ეს ხდება ხოლმე ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის ერთპარტიული და ერთ ადამიანზე დაქვემდებარებული. ის შეშფოთება, რაც აშშ-ის ელჩმა გამოთქვა, რომ ამ ყველაფრის შედეგად საზოგადოებაში ჩნდება უნდობლობა არჩევნების მიმართ, არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ამ ბოლო კვირების განმავლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ისევ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, იმ მიზნით, რომ სწორედ ეს ნდობა, რომელიც არჩევნების მიმართ არის დაკარგული, აღდგეს საზოგადოებაში და ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილი წესებით, წესებით, რომლებიც გამორიცხავს იმას, რომ ისევ იყოს დარღვევები და ისვე მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის წართმევა და მათი ნების გაყალბება.

რათქმაუნდა, პოლიტიკური გამბედაობა არის საჭირო ქართული ოცნების მხრიდან, რადგან მათი მხრიდან თუ არ იქნება გადადგმული ნაბიჯი, ამ კომპრომისულ წინადადებასთან დაკავშირებით, რაც ეხება ახალ არჩევნებს, მაშინ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და სწორედ ამას მოვუწოდებთ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

მე მაქვს იმედი, რომ აშშ-ის ელჩის ეს განცხადებები და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იქნება წამახალისებელი ქართული ოცნებისათვის, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ამ კრიზისდან გამოვიდეთ, ეს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც რამდენიმე დღეა არსებობს, აღარ გაგრძელდეს როგორც პრაქტიკა, რომელიც რამდენიმე თვე და წელი იქნება, რადგან ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა