თეგებით ძიება

რა აწუხებს მამაკაცს 50 წლის ასაკში?

50 წლის ასაკში მამაკაცს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკვე ნასწავლი აქვს ცხოვრება სოციალური ნორმებისა და წესების ჩარჩოებში. ამავდროულად, მას შეუძლია საკუთარი განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რაც მას გარკვეულ პიროვნულ და სოციალურ სტატუსს უქმნის.

ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად შრომისუნარია ამ ასაკში მამაკაცი. მისი ცხოვრებისეული მოტივაცია, მოვლენებითა და აქტივობით დატვირთული ყოფა გარკვეულ ემოციებს იწვევს, რაც კაცის ხასიათის ფორმირებას განაპირობებს. როგორც წესი, 50 წლისთვის მამაკაცი საკმაოდ ხისტი და მდგრადია.

ზოგიერთების აზრით, ამ ასაკში შემოქმედებითი პროდუქტიულობის პიკი უკვე გავლილია, თუმცა, ამას უპირატესად კაცის პროფესია განაპირობებს. ცხადია,
სამხედროები და სპორტსმენები ამ ასაკში უკვე დიდი ხნის პენსიონერები არიან, მაგრამ სხვა სფეროს, მაგალითად, ბიზნესის, მართვის, პოლიტიკის, მედიცინისა თუ იურისპრუდენციის წარმომადგენელთათვის, ეს ასაკი გამოცდილებისა და ეფექტური მოღვაწეობის მაჩვენებელია. ამას და, მას საკონსულტაციო მუშაობისა და საკუთარი შრომის ორგანიზაციის მეტი შესაძლებლობაც აქვს.

ამ ასაკის კაცის ინტელექტუალური შესაძლებლობები და აზროვნება დამოკიდებულია მის განვითარებაზე (ეს ეხება სხეულსაც). გასათვალისწინებელია პიროვნული მოქნილობა და სწავლისადმი მზაობა: ზოგი მამაკაცი 50 წლის ასაკში ღრმა მოხუცებულივით ცხოვრობს, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სერფინგსაც მისდევენ და ახალ ტექნოლოგიებში ნებისმიერ ახალგაზრდაზე უკეთ ერკვევიან.

ასაკობრივი ფსიქოლოგია გვაუწყებს, რომ განვითარების ყოველ ეპტაპზე ადამიანის წინაშე გარკვეული ამოცანები დგას, რომლებიც მან უნდა გადაჭრას შემდგომ დონეზე გადასასვლელად. ეს კი სიბერემდე არ მთავრდება. მისთვის საინტერესოა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათი მასწავლებლობა. თუ ადამიანი განვითარებას აჩერებს, დგება უძრაობის პერიოდი. მამაკაცს არაფრის გაკეთება აღარ სურს, რაც ქრონიკულ დაავადებებში ვლინდება.

სრულიად ბუნებრივია, რომ 50 წლის მამაკაცი ფიზიკურ ძალას აღარ განიხილავს მამაკაცურობისა და დამოუკიდებლობის ძირითად მაჩვენებლად. მას ანაცვლებს სიბრძნის პრიორიტეტი, რომელიც გაცილებით ეფექტურია რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად. ჯანმრთელობაც ვეღარ არის ძველებურად მედეგი.

კრიზისული ეტაპის გადასალახად კაცს უნდა განუვითარდეს ემოციური მოქნილობა. გონებრივი მოქნილობაც აუცილებელია, რადგან კაცი ამ ასაკშიც მზადაა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად.

50 წელი ის ასაკია, როდესაც ცხოვრების დიდი ნაწილი განვლილია. უკან მოხედვისას ფიქრობ, ყველაფერი სწორად გაკეთდა თუ არა. მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყმაწვილობის ოცნებების მკაცრ რეალობასთან ბმა. თუ 20 წლის ასაკში ის ფიქრობდა, რომ ამ მომენტისთვის სამყაროს მბრძანებელი გახდებოდა და ეს არ მოხდა, ჩნდება ფსიქოლოგიური სიცარიელე. ეს კი განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც გარეგნული მიღწევებია თვალსაჩინო, შინაგანად კი ადამიანს სიმწირის შეგრძნება აქვს. გამოსავალი ერთია - მან უნდა დააფასოს ის, რაც აქვს - ნორმალური ოჯახი, საშუალო ხელფასი, ჩვეულებრივი აგარაკი და ა.შ. ამისათვის აუცილებელია მათ მიმართ არსებული ბოღმისა და შურისაგან განთავისუფლება, ვინც სხვაგვარად ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, დადებითად შეფასდეს განვლილი ცხოვრება, რომ მოწყენილობა და გულისწყვეტა ადამიანის თანმდევი არ გახდეს.

ეს ასაკიც ცხოვრებასავით სიურპრიზებითაა სავსე, კაცი კი უნდა ეცადოს, საინტერესო გახადოს ყოველი დღე და ყოველი ახალი ურთიერთობა ადამიანებთან, მაშინ ცხოვრებასაც არასდროს დაეკარგება ხალისი და მიმზიდველობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა