თეგებით ძიება

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამზე: ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციიდან გამომდინარე, მოლოდინი აქვს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას არ გამოიწვევს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე გეტყვით. ბრიტანეთის გარდა 33 ქვეყანაშია კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი აღმოჩენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამის დომინირების მასშტაბები ამ ქვეყნებში შეიძლება მხოლოდ მარტის თვეში გახდეს შესაძლებელი.

ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არ ვართ ევროკავშირის და შენგენის ტიპის ქვეყანა, უარესი სცენარის შემთხვევაში ნაკლებად წარმომიდგენია მან დომინირებული როლს ზაფხულამდე მაინც მიაღწიოს, რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს, თუმცა გრძელვადიანში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

„ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა