თეგებით ძიება

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

პოპულარულ სტრიმინგ სერვისზე Netflix ლეგენდარული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ანიმაცია სახელად Rezo დაიდო.

ანიმაციური ფილმის ავტორი და მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა, ხოლო რეჟისორი მისი ვაჟიშვილი, ლევან გაბრიაძე, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი რუსული ბლოკბასტერის, “ღამის გუშაგის” რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია. ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში “Rezo“-ს სახელით ჩაეშვა. მულტფილმი რუსეთის სახელით ოსკარის შორტ ლისტშიც მოხვდა, თუმცა საბოლოო ხუთეულში ადგილი ვერ დაიკავა.

სურათის მოქმედება ომისშემდგომ ქუთაისში ვითარდება, მთავარი გმირი კი თავად რეზო გაბრიაძეა – 9 წლის არნახული ფანტაზიის მქონე ბავშვი, რომელიც მაყურებელს იმ პერიოდის ყოფას დეტალურად აცნობს. ბიოგრაფიული ფილმი ავტორისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქიდა და კომედიური ელემენტებით არის გაფორმებული.

გაბრიაძე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი სცენარისტია. კარიერის განმავლობაში მან 40-ზე მეტ ფილმზე იმუშავა. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ქართული და საბჭოთა ფილმები, როგორებიც “მიმინო”, “არ დაიდარდო”, “სერენადა”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “პასპორტი”, “ქვევრი”, “ქინ-ძა-ძა”. გადაღებული აქვს ფილმები “კავკასიური რომანსი”, “ლიმონის ტორტი”, “მწვერვალის დამპყრობნი”. 1981 წელს დაარსა თბილისის მარიონეტების თეატრი, დღემდე არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2004 წელს მინეაპოლისის თეატრში დადგა სპექტაკლი “აკრძალული შობა, ანუ ექიმი და პაციენტი”.

მისი ვაჟი, ლევან გაბრიაძე რუსეთში მოღვაწე წარმატებული კინორეჟისორია. მას გადაღებული აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული საახალწლო ფილმი „Ёлки“ და ამერიკული ფილმი Unfriended, რომელმაც მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.

Netflix-ზე კიდევ ორი ქართული პროექტის, “ჩემი ბედნიერი ოჯახისა” და “სოვდაგარის” ხილვაა შესაძლებელი.

წყარო: fillmaker.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა