თეგებით ძიება

გაგრაში დაკვამლიანების გამო ხალხს სუნთქვის პრობლემები აქვს - მეექვსე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს ვერ აქრობენ

მეექვსე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს ვერ აქრობენ. მოსახლეობა უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. ადგილობრივები ე.წ. მთავრობამ პრობლემების წინაშე მარტო დატოვა. მათივე ცნობით, განადგურებულია 500-ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

გაგრაში დაკვამლიანების გამო ხალხს უკვე სუნთქვის პრობლემები აქვს. სოხუმში დახმარებას მოსახლეობა საპროტესტო აქციებით ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

"კურიერი" ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და თბილისში მათ ნათესავებს ესაუბრა.

"ყველაზე მასშტაბური ხანძარი გაგრაში მოხდა. ღამეები არ ეძინათ ადამიანებს, არამარტო შიშის გამო, არამედ სუნთქვა მართლა უჭირდათ. რაც შეეხება მეხანძრეებს და მაშველებს, იმის გამო რომ აფხაზეთში არ არის ავიაცია, ისინი მხოლოდ უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ხანძარი მოსახლეობაში არ გადასულიყო," - განაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების ნათესავმა "კურიერთან" საუბრისას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების თქმით, საჭიროა მეტი სამაშველო ტექნიკა. ასევე განცხადებით, ხანძარი მოსახლეობასთან ძალიან ახლოსაა და ხანძრის კერები სულ უფრო ძლიერდება.

"რაც შეეხება დახმარების საკითხს, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუკი ქართული მხარე ჩაერთვებოდა, თუმცა ეს წმინდად პოლიტიკური ამბავია და ალბათ, შეუძლებელი. უფრო ლოგიკური იქნება რუსული ავიაციის ჩართვა სახანძრო-სამაშველო მოქმედებებში, თუმცა არავინ ჩანს. საზოგადოება დახმარებაზე უარს არავის ეტყვის," - განაცხადა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბრისას.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ცეცხლი 4 იანვარს დაიწყო, პირველი რამდენიმე კერა იყო გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში. ამის შემდეგ, 6 იანვარს ხანძრის ძლიერი კერები გაჩნდა უკვე გაგრის რაიონში, სადაც ტყე ამ დრომდე იწვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა