თეგებით ძიება

მეუფე იოანე საჯარო წერილს აქვეყნებს - პასუხი თ(ხლ)ეოლოგთა ეპისტოლე(ტი)ს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე თეოლოგებს საჯარო წერილს წერს და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ეპისკოპოსის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“თ(ხლ)ეოლოგთა ეპისტოლე(ტი)ს შესახებ

სანამ სათაურის გამო განმიკითხავდეთ, მოიცადეთ და ჩემი წერილი ბოლომდე ჩაიკითხეთ (ცოტა გრძელი კი გამომივიდა, მაგრამ მაინც არ იჩქაროთ). ბოლოში ორივე რედაქტირებულ სიტყვას ავხსნი და ამიტომ, წინასწარ ნუ დამწამებთ ცილს უზრდელობაში.

კიდევ ერთი საკითხი: ეს ეპისტოლე(ტი) გუშინწინ წავიკითხე და ვიფიქრე სხვა უპასუხებდა, მაგრამ აქამდე მსგავსი ვერაფერი შემხვდა სოცქსელში და გადავწყვიტე მე დამეწერა. ჩემი ნაწერი არ გახლავთ აკადემიური პასუხი, მხოლოდ აკრეფილი ფიქრებია.

წელს საოცარი მოვლენა მოხდა. თეოლოგიის სამეცნიერო თუ აკადემიური ხარისხისა და წოდების მქონე რამდენიმე პირმა „გვაჩუქა“ „საშობაო ეპისტოლე“. ახლა არ შევეხები იმ საკითხს, რომ უფრო მოკრძალებული და შინაარსის შესაბამისი იქნებოდა, რომ ამ ტექსტისთვის წერილი ეწოდებინათ, მაგრამ თუ ერთ იოანე ღვთისმეტყველს (თეოლოგს) აქვს სამი ეპისტოლე, ამათ და ამდენს ერთი მაინც ხომ უნდა ჰქონოდათ?! თუმც ალბათ მომავალში კიდევ არაერთს დაწერენ.

ისე კი, ამ საოცარი ნაღვაწის ავტორთათვისაც კი ცხადი უნდა იყოს, რომ „ეპისტოლე“ ჩვენს ეკლესიაში სწორედ უპირატესისგან უმრწმესთათვის გაგზავნილი ნაწარმოებია. ე.ი. ჩვენი თ(ხლ)ეოლოგები ისე ზემოდან ქვემოთ გვიყურებენ ჩვენ ყველას და მათ შორის სინოდის წევრებსაც, როგორც მამები შვილებს…

უკვე ეს დამოკიდებულებაა დამაფიქრებელი! ვინ მისცა უფლება, რომ „ძვირფასი საზოგადოება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები და საქართველოს მოქალაქენი“ (ასე მოგვმართავენ ადრესატებს) ვეშვილებინეთ???

შემდეგ უფრო საინტერესო პასაჟებს ამოვიკითხავთ…

ყოველთვის ვთვლიდი, რომ ქრისტიანობა რეალობაზე აღმატებული მოვლენაა, მაგრამ ასეთ ფროიდისტულ-ბრეტონისეულ სურრეალიზმს არ ველოდი. როგორც ჩანს, ახლა სწორედ მშობელთა დამხობის მქადაგებლების და ტროცკის მეგობრების ეპიგონთა თაობა გვეეპისტოლე(ტე)ბა.
ახლა მივყვეთ თვით ეპისტოლე(ტი)ს ტექსტს:

დასაწყისშივე ავტორები გვილოცავენ ქრისტეშობას – ამ ოპუსს რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს საერთო ქრისტიანობასთან?! და როგორც ნომინალურად ვალმოხდილნი გადადიან მთავარ სათქმელზე:

თურმე, როგორც „ეკლესიის წევრები“ „ვალდებულნი არიან“ „ განსაკუთრებით ფხიზელი თვალით“ აკვირდებოდნენ „ეკლესიის მწყემსებს“, „სასულიერო იერარქიის ქმედებებს, რომელნიც ქრისტემ უპირველესად თავისი სამწყსოს მწყემსებად დაადგინა“! აი, პირველი მარგალიტი – საშობაო საკითხავებით ნაკვები გამობრწყინება თ(ხლ)ეოლოგიისა. ტაძარში, ხომ იკითხება, რომ მწყემსებმა გამოქვაბულში იხილეს ახლადშობილი უმანკო კრავი, რომელიც იმავდროულად ყოველთა მწყემსია?! ხოდა განა ჩვენი ავტორები, რამით ჩამოუვარდებიან იმ კრავს? ნურას უკაცრავად, ისინიც უცოდველი ბატკნები არიან, რომლებმაც თურმე თვალ-ყური უნდა ადევნონ და ზედამხედველობა გაუწიონ მწყემსებს!..

ესეც ცოტაა, მათი ეპისტოლ(ეტ)ის მიზანს წარმოადგენს, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო და კრიზისული მდგომარეობის გაანალიზება და მსჯელობა, მის ირგვლივ ობიექტური სადისკუსიო გარემოს შექმნა“. ახლა ვნახოთ თუ რამდენად ობიექტურად მსჯელობენ და რამდენად ობიექტური მსჯელობის მაგალითს იძლევიან თავად ეპისტოლოგრაფები.

პირველივე ბრალდებად ვკითხულობთ, „ყველა პრობლემის სათავე და მიზეზი არის პირველიერარქის მხრიდან საეკლესიო მმართველობის აბსოლუტური მიტაცება, რომელიც წმინდა სინოდს თითქმის ყველანაირ უფლებას ართმევს.“ ამ მოკლეფეხება სიცრუეს – რომ საწყალი სინოდი ტირანი პატრიარქის ხელში უუფლებოა – სულ მალევე თავად უარყოფენ, მანამდე კი ვნახოთ თუ რამდენად ობიექტურები და მიუკერძოებლები არიან ჩვენი თ(ხლ)ეოლოგები: ერთ-ერთი თანაავტორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ასეთ რამეს წერდა:

„George Tiginashvili
October 24, 2020 •
ე.ი. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უკვე აღიარებს და მასთან ევქარისტიულ კავშირშია ოთხი ადგიობრივი ეკლესია: 1)კონსტანტინეპოლი; 2)ელადა; 3)ალექსანდრია; 4)კვიპროსი -(ამ უკანასკნელმა დღეს სცნო)…
ამასთან, აღსანიშნავია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის – ორი ავტონომიური ეკლესიის -ფინეთის და ესტონეთის მხრიდან აღიარებაც.
P.S. საუბედუროდ, კრემლის საგზარქოსო – საქართველო, რომ რუსეთამდე არ აღიარებს, ეს უკვე ვიცით…“ (სტილი და ორთოგრაფია დაცულია – ლ.მ.ქ.)

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ თარიღს – 24 ოქტომბერი. ამ დღეს კვიპროსის ეკლესიის საჭეთმპყრობელმა სინოდის წევრებთან შეუთანხმებლად მოიხსენა წირვაზე უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის მეთაური. ამ ამბის შემდეგ რამდენიმე ეპისკოპოსმა პრინციპულად გააპროტესტა თავისი პირველიერარქის ეს საქციელი, რომელმაც სინოდის დაუკითხავად გადადგა ასეთი ნაბიჯი. დაპირისპირება მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსსა და მღვდელმთავრებს შორის მთელი თვე გაგრძელდა და მხოლოდ 25 ნოემბერს სინოდის სხდომაზე ხმათა უბრალო უმრავლესობით გადაწყდა საკითხი. სინოდის სხდომიდან გამოსული იერარქები საუბრობდნენ ზეწოლის შესახებ… (თ(ხლ)ეოლოგს აქვე შევახსენებ, რომ რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის მიერ რამის ცნობა ხდება მხოლოდ სინოდის კრების განჩინების საფუძველზე, მანამდე კი ეს ცალკეული იერარქის პირადი პოზიციაა. 24 ოქტომბერს რომ კვიპროსის ეკლესიას არ უცვნია ПЦУ, ამდენი კი უნდა იცოდეს „თეოლოგმა“)

… და რას ვხედავთ? პიროვნება, რომელიც სიხარულით მიესალმება კვიპროსის ეკლესიაში პირველიერარქის მიერ სინოდის აბსოლუტური უგულვებელყოფის რეალურ ფაქტს, წარბშეუხრელად აწერს ხელს ეპისტოლე(ტ)ს, რომელშიც საქართველოს პატრიარქს ცილისმწამებლურად აბრალებენ მსგავს საქციელს. როგორ გავიგოთ ორმაგი სტანდარტით სარგებლობა პირუთვნელი „მამხილებლისგან“? – მარტივად! თვალთმაქცობაა, არაობიექტურობაა! („ობიექტური სადისკუსიო გარემოს“ დემიურგისგან), სიყალბეა მისი გულისტკივილი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობაზე… ან ეთნოფილეტიზმის ცოდვა შეჰპარვია და ქართველ მღვდელმთავართა სულიერი მდგომარეობა უფრო ადარდებს, ვიდრე კვიპრელებისა – მსგავსი რამ „თეოლოგს“ შეშვენის? – არა!

ვაიობიექტური დამოკიდებულება ფაქტების მიმართ უკვე ვნახეთ. ახლა დავაკვირდეთ ოპერირებასა და მანიპულირებას ტერმინებითა და ცნებებით. პატრიარქის ლანძღვა და მისი დადანაშაულება ტირანიაში გრძელდება (მოგვიწევს ვრცელი ციტატის მოხმობა): „ასეთი ერთპიროვნული მმართველობის დადასტურებაა ე.წ. მოსაყდრის დადგინება, რომელმაც შელახა წმინდა და დიდი სჯულისკანონი, საეკლესიო ტრადიცია და ღვთივსულიერი მდგენელი. ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით (მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22; III მსოფ. 8; ტრულის 20) ყოვლადდაუშვებელ ანტიკანონიკურ ფენომენს წარმოადგენს. საეკლესიო ტრადიციის, განწესებისა თუ სწავლების თანახმად, გარდა იმისა, რომ საკუთრივ მოსაყდრის ინსტიტუტი ადგილისმცველის (ბერძ. “ტოპოტირიტის”, რუს. “მესტობლიუსტიტელ”) პროფანაციაა, თავად დასახელების ფორმაც კი დაირღვა (მოციქულთა 34-ე კანონი), რაც ავალდებულებდა პატრიარქს, რომ იმპერატიულად და ერთპიროვნულად არ იმოქმედოს არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის “მოსაყდრის” ინსტიტუტი მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ზემოთ დასახელებულ კანონებთან, ისე ანტიოქიის კრების 23-ე კანონთან – “ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება. საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა, მტკიცედ უნდა იქნეს დაცული”. თუმცა დღეს არც დამდგინებელს და არც დადგინებულს არაფერში ანაღვლებთ ეს საეკლესიო კანონები, თვით საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც დამტკიცებულია 1995 წლის მცხეთის საეკლესიო კრების მიერ, გამორიცხავს მოქმედ პატრიარქს ჰყავდეს მოსაყდრე, არამედ მოსაყდრე დგინდება პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის დროს, რადგან მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია ამ დებულების მიხედვით არის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზება და დაქვრივებული საპატრიარქოს დროებითი ადმინისტრირება.“ (ციტატის დასარული). თითქოს ქვას გახეთქავს ასეთი ბრალდება, მაგრამ კარგად დავაკვირდეთ ჯერ ლოგიკას: თურმე პატრიარქის „ერთპიროვნული მმართველობის დადასტურებაა“ „ორხელისუფლებიანობა“!! რაო??? გასაგებია, რომ არასასურველ პირებს წარმოაჩენენ არაკომპეტენტურებად, მაგრამ საკუთარ თავს რას ერჩიან?! მით უფრო, რომ ბ-ნი გ. ბარნოვი (ერთ-ერთი ეპისტოლოგრაფი) ტელეინტერვიუში აღშფოთებული გვეკითხებოდა: როგორ გავიგოთ ამ ორში რომელი ღებულობს გადაწყვეტილებასო?.. ე.ი. თვითონვე გამორიცხავენ „ერთპიროვნულ მმართველობას“ – არა და ახლახანს სდებდნენ ამაში ბრალს უწმინდესს..

უფრო საინტერესო ამის მერე იწყება. იმისათვის, რომ წონა შესძინონ საკუთარ ბრალდებებს, მოიხმობენ სჯულის კანონის კანონებს, რომლებიც მართლაც კრძალავს და გამორიცხავს „ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნას“. მაგრამ, მაპატიეთ, სად ნახეს, რომ ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავარი იჯდეს?! მეუფე შიო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია? არანაირად! ის კვლავაც რჩება სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპლიტად! მაშ, რა შუაშია ზევით მოხმობილი კანონები? ისინი ხომ არ ეხება არსებულ ვითარებას? – მაგრამ ჩვენნაირმა უბრალო ხალხმა, ხომ არ იცის, რაც ამ ეზოთ(ხლ)ეოლოგიის განდობილებმა იციან?! ხოდა ჩვენს მოტყუებას რა უნდა?! დაწერენ ორ-სამ ფსევდოინტელქტუალურ ფრაზას, მიაწერენ 3-4 კანონის ნომერს (რომლებსაც მკითხველთა 99% არ გადაამოწმებს) და ეგაა… ამავე დროს ობიექტურობის ილუზია ხომ უნდა შექმნან?! ხოდა იქვე წერენ: „მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის “მოსაყდრის” ინსტიტუტი მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ზემოთ დასახელებულ კანონებთან, ისე ანტიოქიის კრების 23-ე კანონთან – “ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება. საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა, მტკიცედ უნდა იქნეს დაცული“… ხოო, აი, თურმე რა ყოფილა… მაგრამ რა ვქნათ, რომ ეს კანონიც ზუსტად იგივეს ამბობს რასაც წინა კანონები: ეპისკოპოსს უფლება არ აქვს საკუთარ კათედრაზე (!) დაადგინოსო ვინმე საკუთარი თავის ნაცვლად. ჩვენს პატრიარქს კი არავინ დაუდგენია თავის (მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთის!) კათედრაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ეპისკოპოსი გამოირჩია მოსაყდრედ. ამას კი ნამდვილად უშვებს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4).

სიცრუე ისეთი მოლიპული ფერდობია, რომ მასზე შეჩერება მხოლოდ სინანულის წრიაპებითაა შესაძლებელი და ვინაიდან ჩვენს თ(ხლ)ეოლოგებს მსგავსი არაფერი გააჩნიათ, წერენ: „თვით საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც დამტკიცებულია 1995 წლის მცხეთის საეკლესიო კრების მიერ, გამორიცხავს მოქმედ პატრიარქს ჰყავდეს მოსაყდრე, არამედ მოსაყდრე დგინდება პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის დროს, რადგან მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია ამ დებულების მიხედვით არის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზება და დაქვრივებული საპატრიარქოს დროებითი ადმინისტრირება.“
ანუ მოსაყდრე ინიშნება მხოლოდ ორ შემთხვევაშიო: ან პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის დროსო. ბუნებრივია, რომ ვერც გარდაცვლილი და ვერც გადამდგარი პატრიარქი ვეღარ დანიშნავს მოსაყდრეს, მაგრამ მართლა ასე წერია დებულებაში?
ვნახოთ:

„§4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
§5. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.“

აქ ორ რამეს მივაქციოთ ყურადღება:
1) თ(ხლ)ეოლოგებს უცნაურად გამორჩათ, რომ გადრაცვალების და გადადგომის გარდა შეიძლება არსებობდეს „სხვა მიზეზებიც“, რომელთა დროსაც შეიძლება მოქმედმა პატრიარქმა დაადგინოს მოსაყდრე (§4);
2) არსებობს შემთხვევები, როცა მოსაყდრე დადგენილი შეიძლება არც იყოს მოქმედი პატრიარქის მიერ (§5), რაც აუცილებლად გულისხმობს, რომ შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა მოქმედი პატრიარქის მიერ მოსაყდრე დადგენილი იქნება.
როგორც წმინდა წერილი ბრძანებს: „უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა“ (ფს. 26.12).
იმასღა დავძენ, რომ ამ 1995 წელს მიღებული დებულების შემუშავებაში ლომის წილი მიუძღვის ჩვენი თ(ხლ)ეოლოგების გურუს – ბ. კობახიძეს. მას მაინც სცენ პატივი და მისი ნაწერი მაინც წაიკითხონ ჭრა-კერვის გარეშე…
ამით მთავრდება სამარცხვინო, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ეპისტოლე(ტი)ს პირველი (პირობითად) ნაწილი.
იწყება ახალი!

„ციანიდის საქმის სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მზის სინათლეზე გამოვიდა მაღალი იერარქიის არაერთი წარმომადგენელი, რომელნიც ერთმანეთის სულიერ/მორალური განადგურებისათვის არაფერს იშურებდნენ.“ – თურმე ნუ იტყვი და ის ავტორიტარი კაცი სულაც ვერ ყოფილა ისეთი მონარქი, როგორც აქამდე გვისახავდნენ, თურმე მის გასანადგურებლად ზოგი მაღალი იერარქი ერთობ დამშვრალა კიდეც. თურმე „წმინდა სინოდის ინდიფერენტული და კონფორმისტულად განწყობილი ეპისკოპატი“-ც ვერ ყოფილა ვერც „ინდიფერენტული“ და ვერც „კონფორმისტულად განწყობილი“ – რა ხდება ამხანაგმა თ(ხლ)ეოლოგებმა ლეგენდის შენარჩუნება თაბახის ერთ გვერდზეც კი ვერ შეძლეს?! – სირცხვილი!
აქ არ შევეხებით იმ ბრალდებებს, რომელთა რეალური ადრესატებიც სამართალდამცავი ორგანოები და მათ მიერ წარმოებული საგამოძიებო პროცესია – იმათთან თვითონ არკვიონ ურთიერთობა. ამ ეპისტოლე(ტ)ში მხოლოდ იმისთვის ჩართეს, რომ საპატრიარქოს პორტრეტი უფრო მუქი ფერებით დახატულიყო.

ამის შემდეგ მოდის ბრალდებები სიმდიდრეში, ფუფუნებაში და იმაში, რომ „საპატრიარქო პრაქტიკულად არ ეწევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მისიას, რაც ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა.“ – არც ამაზეა გასაცემი პასუხი სიტყვით. იმ ათეულობით ათასი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლეები, გამოკვებილი შვილები და გამთბარი მოხუცები გასცემენ ამ ბრალდებაზე პასუხს საკუთარი არსებობით!
თუმც ის ფაქტი, რომ ჩემს გარშემო არსებული სასულიერო პირების აბსოლუტური უმრავლესობა უანგარო და ქველმოქმედია, სულაც არ მიქმნის ილუზიას, რომ ეკლესიაში და თუნდაც სინოდში ყველა ასეთია – უტოპიური ოპტიმიზმი არ მჩვევია.
შემდეგი პუნქტი უშუალოდ მე და ჩემს კოლეგებს გვეხება და ამიტომ ვერც მას ჩავუვლი გულგრილად: „განათლების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით საპატრიარქოს მიზანმიმართულ ქმედებას გამოიყენოს ბავშვები საკუთარი იდეოლოგიის გავრცელების და გამყარების მიზნით. იგი მათში პატარაობიდანვე აყალიბებს მტრის ხატს განსხვავებული ადამიანების და საზოგადოების გარკვეული ნაწილების მიმართ, რაც პერსპექტივაში ზრდის ბავშვებში ძალადობისადმი მიდრეკილებას.“
მე საპატრიარქოსთან არსებული ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ვარ. ამ სკოლაში უკვე 11 წელია ვმუშაობ. მე-7 კლასში ვასწავლი ძველი აღთქმის საღვთო ისტორიას (წმ. მოსე წინასწარმეტყველიდან მცირე წინასწარმეტყველების ჩათვლით), მე-12 კლასში კი – მსოფლიოს რელიგიებს. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი მეც გამოვდივარ და იძულებული ვარ თავი დავიცვა ცილისწამებისგან.

ჯერ მე-7 კლასზე ვიტყვი, ვინაიდან განათლებით ასირიოლოგი ვარ და ცოტა რამ ეგვიპტოლოგიის შესახებაც მსმენია, ჩემს მოსწავლეებს, მხოლოდ პირველ სემესტრში გავაცანი ჩვენს შესასწავლ თემატიკასთან დაკავშირებული წინა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხების (იმედია, თ(ხლ)ეოლოგები მიხვდებიან, რომ წარმართებს ვგულისხმობ) მითოლოგია, არქიტექტურა და ქალაქ-გეგმარების პრინციპები, სახვითი მონუმენტური და დაზგური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, სამხედრო და საერო შესამოსელი და იარაღები, დამწერლობების ტიპები და ა.შ. წლევანდელი 4 პარალელური მე-7 კლასის მიერ შექმნილი მოსესეული მოწმობის კარვის 10 მოდელი ადასტურებს, თუ როგორ კარგად დაიმახსოვრეს და აითვისეს ბავშვებმა უცხო ხალხებისა და ტრადიციის კულტურული მიღწევების გონივრული ინკულტურაცია ღვთის რჩეული ერის (ისრაელის) მიერ. ხოლო შერჩეული საკითხებით (რექაბ იერიქონელი, მოაბელი რუთი და ა.შ.) ვისწავლეთ, რომ ქრისტიანობისთვის მიუღებელია ქსენოფობია, რასიზმი სქესობრივი და სოციალური ნიშნით სტიგმატიზება ადამიანებისა…
მე-12 კლასთან ერთად კი, სხვა რომ არაფერი ვთქვა, იუდაიზმზე საუბრისას ჰაგადას და ჯ. აჯიაშვილის ნათარგმნ შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიას ვეცნობოდით, ხოლო ისლამის განხილვისას გ. ლობჟანიძის ნათარგმნი ყურანის ცალკეული აიები წავიკითხეთ და ასევე – მ. თოდუასა და ვ. კოტეტიშვილის თარგმნილი სუფიური პოეზიის მარგალიტები. ვნახეთ კათოლიკური ფილმები კათოლიკეების შესახებ და პროტესტანტული ფილმები პროტესტანტების შესახებ. (ამ სემესტრში გადავალთ არაბიბლიური ტრადიციის რელიგიებზე და ჩვენი მუშაობის პრინციპი იგივე დარჩება).

თუმცა ცოდვისთვის ან სხვადმადიდებლობისთვის თავისი სახელის დარქმევა არ გაგვჭირვებია, რადგან ეს რელიგიური ცნობიერების ძირითადი ცნებებია. მიუხედავად ამ პრინციპული გამიჯვნისა, ადამიანი, როგორც ღვთის ხატება არ დაჩრდილულა ჩემი მოსწავლეების თვალში სარწმუნოებრივი განსხვავებულობის გამო!

მხოლოდ ჩემს მოსწავლეებზე რომ არ ვისაუბრო, იმასაც ვიტყვი, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში 40-მდე სკოლაა. ყველა მათგანი წლების განმავლობაში ავტორიზებულია საქართველოს (სეკულარული) სახელმწიფოს განთლების სამინისტროს მიერ. ავტორიზაციის კომისიის ვიზიტი აუცილებლად გულისხმობს გასაუბრებას პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. არც ერთ სკოლაში არც ერთ კომისიას არ დაუფიქსირებია ის, რასაც თ(ხლ)ეოლოგები გვაბრალებებს!

მეტიც, ჩვენი სკოლების კურსდამთავრებულები წარმატებულად სწავლობენ საქართველოს თუ საზღვარგარეთის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში, რაზეც მოწმობს, ამ დაწესებულებებიდან ქართულ და უცხო ენებზე მოსული სამადლობელი წერილები. ჩვენი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ ყველა სფეროში, თუნდაც სენაკის სკოლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეების NASA-ში არაერთგზის სტუმრობა რად ღირს (გაიმარჯვეს კონკურსში და ჯილდოდ დაუვიწყარი შემეცნებითი მოგზაურობა დაიმსახურეს)?

აზრი აქვს კი ყოველივე ამის მოყოლას თქვენთვის?!.

შემდეგი ბრალდება საინტერესო იქნებოდა, რომ არა ჩვენს მიერ ზევით უკვე განხილული: „სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო ეკლესიას ისე აღიქვამს, როგორც პრივატიზებულ კორპორაციას. ეს ტენდენცია, ყველაზე უფრო ნათლად სჩანს კვალიფიციური თეოლოგების მიმართ და უდიერ დამოკიდებულებაში,როცა მავანთა მხრიდან ხდება მუდმივი მცდელობა მათგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირთა სტიგმატიზებისა, იგნორირებისა და გარიყვისა..“ – უკვე ვნახეთ პატივცემული თ(ხლ)ეოლოგების კვალიფიკაცია… ამიტომ ძნელია დაიჯერო, რომ მათეული შეფასება სანდო და კვალიფიციურია (არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამათ ნამდვილად ვეღარ ვენდობი).
შემდეგი ბრალდება ანტისემიტიზმსა და ქსენოფობიას ეხება. ამაზე ჩემზე უკეთ გასცეს პასუხები ისრაელის ელჩმა საქართველოში („Statement of the Ambassador of Israel to Georgia, Ran Gidor:
On 20th December the Metropolitan of Georgian Orthodox Church, Bishop Ioane Gamrekeli of Kutaisi-Gaenati Diocese, delivered a sermon at Bagrati Cathedral which might have lent itself to various interpretations – some of them of particular concern. For that reason, I was heartened to read his public explanation yesterday (31st December), in which he clarified his original meaning, reiterated his respect for the Jewish people and rejected anti-Semitism.“) და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა („მე სრულიად თამამად ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ – ანტისემიტიზმი სუნთქავდეს, ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ებრაელთა თემის მოძულე და ვერავის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზები და კათხაში ატეხილი ქარიშხალი ვერ შექმნის ამ ილუზიას, ამიტომ იყუჩე მტერო!“) – იმედია, თ(ხლ)ეოლოგები ამ პატივცემულ ადამიანებს იგივეს არ უწოდებენ, რაც ქართველ მღვდელმთავრებს აკადრეს.

საინტერესოა შემდეგი ბრალდებაც: „სასულიერო პირთა რიტორიკაში თვალშისაცემია კათოლიკოს-პატრიარქისადმი არსებული მკრეხელური პიეტეტი და მისთვის უცდომელობისა თუ შეუვალობის პრიმატის მინიჭების მცდელობა, რაც გულისხმობს მისდამი დამახინჯებულ და მაამებლურ დამოკიდებულებას. ყოველივე ეს ფეტიშიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის ხასიათს ატარებს.“ უკვე ვთქვი, რომ ამ ეპისტოლე(ტ)ს ეტყობა ფროიდისტული სურრეალიზმი: მამის წინააღმდეგ გალაშქრება და საკუთარი სიზმრების პროეცირება რეალობაზე. გავიგეთ, ბატონო, რომ უსიყვარულო ადამიანს სხვის მზერაში, სიტყვასა თუ საქციელში შემჩნეული გულწრფელი სიყვარული არაბუნებრივად მიაჩნია, მაგრამ დაგვანებეთ თავი და გვაცადეთ გვიყვარდეს მამაჩვენი. თუ თვალთმაქცი მლიქვნელებიც შეეცდებიან შემოსრიალდნენ ჩვენს კრებულში (ადრეც არაერთხელ შემოსრიალებულან და ზოგი თქვენგანიც იმავე მოდგმიდანაა – ადრე აქებდით მას და ახლა აძაგებთ), ჩვენ თვითონ ვამხელთ მათ და ისეთივე გულდაწყვეტით შეველევით, როგორც თქვენ შეგელიეთ, მას შემდეგ რაც წახვედით ჩვენგან და ამით დაამტკიცეთ, რომ არ ყოფილხართ ჩვენთაგანნი (1ინ. 2.19).

შემდეგ თ(ხლ)ეოლოგები ეხმაურებიან პაატა ცაავას (ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე) „უკანონოდ დასჯას“ და მოყავთ არგუმენტები, რომ ერთ დანაშაულზე სამგზის დასჯა „ეკლესიის ძირეული სამართლებრივი პრინციპის დარღვევაა“, რომ ბრალმდებლისთვის უნდა მოესმინათ, რომ მისი დასჯა პატრიარქის „“ერთმმართველი აბსოლუტის” იმპერატიული ნების უზენაესობით ხდება და არა სინოდური ანუ კრებსითი წესით.“ და ა.შ. რამდენად სანდოა მათი შეფასება და თვალსაზრისი, ეს უკვე ვნახეთ. ამ შემთხვევაში სხვა რამ არის საინტერესო, ამ ქომაგებს წაკითხული აქვთ კი სინოდის შესაბამისი განჩინება?: „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი) რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.“ ჩვენმა თ(ხლ)ეოლოგებმა ზევით შემოგვთავაზეს მოციქულთა 34-ე კანონი. 55-ემდე ვერ ჩაიკითხეს? განჩინებაში, ხომ პირდაპირაა მითითებული დასჯის საფუძველი?! მოციქულთა 55-ე კანონი კი ბრძანებს: „კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: “…მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი” (საქმე 23,5).“ – განიკვეთოსო! გასაგებია? – განიკვეთოსო. რაც ყველაზე მძიმე სასჯელია და უკვე გულისხმობს მღვდელმოქმედების შეჩერებასაც და მღვდელმთავრის ხარისხის აყრასაც; ხოლო არამღვდელმთავარი ავტომატურად ემშვიდობება საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრობას!!! ლაპარაკი არ არის ბრალდებაზე, ლაპარაკია შეურაცხყოფაზე, ანუ საკუთარი პოზიციის გამოხატვის ფორმის გადაცდენაზე დასაშვებ ფარგლებს მიღმა. შეიძლება ვინმეს არ მოსწონს ეს კანონი (ეს მისი პირადი პრობლემაა), მაგრამ ეს კანონი არავის გაუუქმებია და თუ სხდომაზე დამსწრე ეპისკოპატმა კრებსითად ჩათვალა, რომ პ.ცაავას საქციელი ექვემდებარება ამ კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, მაშინ ვალდებულიცაა ამ კანონით დასაჯოს დამნაშავე. ამიტომ არანაირ ერთპიროვნულ სასჯელზე და მით უფრო სამგზის დასჯაზე ლაპარაკი არაა მართებული… და ეს არ იციან თ(ხლ)ეოლოგებმა? თუ არ იციან, ცუდია და თუ იციან და განზრახ ტყუიან – უარესია.

შემდეგი „ბრალდება“ კიდევ უფრო კრეატიულადაა ფორმულირებული: „“ქურდული სამყარო” ეკლესიის მიღმაა და ანათემის ღირსია თუ ეკლესიის ნაწილია?

დაშვებულია თუ არა მათგან (ე.წ. “კანონიერი ქურდებისგან”, “ძველი ბიჭებისგან”, “კაი ბიჭებისგან”) შემოწირულობის მიღება (უამრავი ფაქტი ვიცით ასეთი) და თუ ნებადართულია, რა არგუმენტით?

ქურდული სამყაროს წევრისგან შემოწირულობა, არის თუ არა ერთგვარი ინდულგენცია?“
სამი შეკითხვა და სამივე „ერთმანეთზე უკეთესი“.

კრიმინალური სამყაროსა და მასთან დაკავშირებული „რომანტიკული პათოსისადმი“ პირადად ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება უძლურთა საკურნებლად და ცოდვილთა სინანულისთვის მოსული ღმერთკაცის მისტიური სხეულის მიღმა იყვნენ ეს ცოდვილები?! გასაგებია, რომ თ(ხლ)ეოლოგები გულისხმობენ არა სამოძღვრო, არამედ სარფიან ურთიერთობებს სამღვდელოების წარმომადგენლებსა და კონკრეტულ კრიმინალებს შორის, მაგრამ სადაა ავტორთა ესოდენ ნაქები და საპატრიარქოსგან დაუფასებელი თეოლოგია?! განა საეკლესიო კრებების ოცსაუკუნოვანი ისტორია, სათქმელის ზუსტი ვერბალიზაციისკენ არ მოუწოდებს თ(ხლ)ეოლოგებს? რა თქვეს? როგორ ჩამოაყალიბეს? ცოდვილები ეკლესიის მიღმა უნდა იყვნენო?
კიდევ გავიმეორებ, დამნაშავეთა სამყარაოსთან ნებისმიერი კოლაბორაცია მიუღებელია, მაგრამ ქრისტედან მოყოლებული, მათთან ურთიერთობა იმდენადაა შესაწყნარებელი, რამდენადაც შესაძლებელია მის (დამნაშავეთა სამყაროს – ლ.მ.ქ.) წიაღში თუნდაც ერთი კეთილგონიერი ავაზაკის მოძიება… მე ნაკლებად მჯერა ასეთი ფერისცვალების მასობრივი ხასიათისა, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა.
ამ ბლოკის დანარჩენ შეკითხვებზე პასუხის გაცემაც კი არ ღირს. რამდენიმე სტრიქონით ზევით გვიკიჟინებდნენ თავი სხვებზე უკეთესი გგონიათ და იდეოლოგიურად ყოფთ თქვენგან განსხვავებულ ხალხს კასტებადო – ახლა თვითონ რას სთავაზობენ ეკლესიას: ხალხი შეაფასოს ამაზრზენი სოციალური სტატუსით და არა გულით?..

შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის არდაცვაზე წერენ და მოაქვთ რამდენიმე მაგალითი. მათთვის პასუხად კულტურის სამინისტროს უკეთესი პასუხი აქვს, თუ არსებული ცალკეული ხარვეზის (ზოგჯერ მართლაც სერიოზული ხარვეზის) მიუხედავად, რას, როგორ და რა მასშტაბით უფრთხილდება და იცავს ეკლესია.

შემდეგ გადადიან მათთვის ერთობ ძვირფას საკითხზე: მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობაზე. იუწყებიან, რომ თურმე კრეტის საერთომართლმადიდებლურ კრებაზე არ წასვლით ჩვენმა ეკლესიამ „თავი განაშორა “ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისგან”“. დავღუპულვართ და ეგაა… ოღონდ ამ კრებაზე ჩვენს გარდა კიდევ სამი ადგილორივი ეკლესია არ ჩასულა: ბულგარეთის, რუსეთის და რაც ძალზედ საინტერესოა, ანტიოქიის ეკლესიაც, რომლის საჭეთმპყრობელიც იწოდება „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად“ – კარგა ბლომად ეკლესიები „განაშორეს“ ამ თ(ხლ)ეოლოგებმა სამართლმადიდებლოს – დებულებათა ფორმულირების დიდოსტატები არიან (ან წვრილკალიბრიანი ეპისტოლე(ტ)ებით შეიარაღებული პოპულისტები, რომლებიც ფართო მასების გაუნათლებლობით ცდილობენ დააგროვონ ქულები).

ამ ეკლესიათშორისი ურიერთობების კრიზისს გვიჩვენებენ სხვა მაგალითითაც. თურმე, „საპატრიარქოს პრორუსული სულისკვეთება განსაკუთრებით თვალნათელი გახდა პოლიტიკური და საეკლესიო ასპექტებით 2018 წლიდან დღემდე უკრაინის ეკლესიის ავ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა