კასპში მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
1993 წელს დაბადებული გიორგი მენაბდიშვილი სამართალდამცველებმა 15 იანვარს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.