რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის? - სექსის ჰიგიენა
სექსის ჰიგიენა - ეს შესიტყვება ზოგიერთს შესაძლოა შეუსაბამოდ მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც - გამუდმებით, მეტადრე - სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენის დაცვაზე ავადმყოფურად ფიქრი ვის გაუგონიაო?! ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები?
რა გავლენას ახდენენ ისინი სექსზე? რა უნდა გაითვალისწინოს სქესობრივი კავშირის დროს წყვილმა?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა დკც (ყოფილი სამკურნალო კომბინატის) სექსოლოგიური სამსახურის უფროსს, საქართველოს სექსოლოგთა საზოგადოების მდივანს, ბატონ გიორგი ბეროშვილს ვთხოვეთ.
- რა არის სექსი თავისი არსით და რას გულისხმობს მისი ჰიგიენა?
- სიტყვა "სექსის" თავდაპირველი მნიშვნელობაა სქესი - მამრობითი ან მდედრობითი, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს, რომელიც ასოცირდება ადამიანის ფიზიოლოგიურ, სქესობრივ ფუნქციასთან, ანუ უნართან, ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი. დღეს ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის "სქესობრივი აქტი", "სექსით დაკავება", "სქესობრივი კავშირი"... მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის სექსი არის, - უფრო სწორად, უნდა იყოს, - არა უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ უფრო ფაქიზი, უფრო ინტიმური რამ, რადგან ამ დროს ორი ადამიანის ურთიერთობა ისახავს მიზანს - მიანიჭო პარტნიორს მეტი სიამოვნება, მიეცე მას როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, გათავისუფლდე ჩარჩოებისგან, უპასუხო მის სურვილებს, და ეს ყოველივე მხოლოდ "სექსის ტექნიკის" ფლობაზე არ არის დამოკიდებული. 21-ე საუკუნეში, ალბათ, უხერხულიც არის იმის ახსნა, რომ სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში პარტნიორებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის, ამ შემთხვევაში - უბრალო სხეულებრივი სისუფთავის პრინციპები. მარტივად რომ ვთქვათ, მიიღონ შხაპი, მოიწესრიგონ გარეთა სასქესო ორგანოები, გაისუფთაონ პირის ღრუ. ეს, ალბათ, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სქესობრივ პარტნიორს პატივს სცემ და გსურს, მას სიამოვნება მიანიჭო.
- რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის?
- ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვიგულისხმებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს გახდის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან შემთხვევითი "თავგადასავლებისგან" არავინ არის დაზღვეული.
- ალბათ, ამიტომაც უწინდებურად აქტუალურია ინფექციურ-ვენერული დაავადებების პრობლემა. ეს საკითხები არაერთხელ გაგვიშუქებია, ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად ვენერულ პათოლოგიებსაც კი მივუძღვენით, ვესაუბრეთ ვენეროლოგებს. თქვენ როგორც სექსოლოგი რას გვეტყოდით, რა მნიშვნელობა აქვს სექსის ჰიგიენას ამ თვალსაზრისით?
- რაც შეეხება სხეულებრივ სიჯანსაღეს, აქ, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა. ელემენტარული ჰიგიენის დაცვა უკვე აღარ არის საკმარისი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს ეხება როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების დღევანდელ არსენალს გავითვალისწინებთ,Aამის გაკეთება ძნელი არ არის. არასასურველია პარტნიორის ხშირი ცვლა. მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, გარანტირებული დაცვა მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია. სამწუხაროდ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებები ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ მამაკაცებს და ხშირად ქალებსაც, რომლებსაც მკურნალობა მოუხდათ ამა თუ იმ ვენერული ინფექციის გამო, შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ კოიტოფობია - სქესობრივი აქტის შიში და საერთოდ უარი თქვან სექსზე.
mkurnali.ge