ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურულია გამოძიება - პროკურორი კარტოგრაფებზე
ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურულია გამოძიება, – ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღარ არსებობდა ის საფრთხეები, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა.
„ბრალდების მხარემ სწორედ ამ ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურულია გამოძიება. ის საფრთხეები, რაც არსებობდა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღებისას, არ იყო უკვე იმ სტანდარტით წარმოდგენილი, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. შესაბამისად, უფრო ნაკლებად მძიმე ღონისძიებას უკვე შეეძლო უზრუნველეყო პროცესის მიზნები. გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები. მათ გააჩნდათ როგორც უძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშებზე ანაბარი, რაც უზრუნველყოფდა გირაოს გადახდას. პატიმრობის დროს ივერი მელაშვილს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, გათავისუფლებისას კი მას აღუდგებოდა თანამდებობა“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.