იაგო ხვიჩია - ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ფარული აუდიოჩანაწერების გასაჯაროების მიზანი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლაა.
"ვუშვებ, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის უარყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტად ისე, როგორც „ქართული ოცნება“ შლიდა მოლაპარაკებებს, მაგალითად ნიკა მელიას დაჭერით, ასევე შეიძლება ამას აკეთებდეს ვიღაც.
მეორე საკითხია თვითონ იმ საკითხების მორალური გარჩევა, რომელიც ამ ვიდეოშია და საზოგადოებაში, ფაქტობრივად ყველა მოსამართლე, მსაჯული გახდა ამ საქმის. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას. არ ვიცნობ „ქართული ოცნების“ შიდა ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას, მე ხომ არ ვიცი შიგნიდან ვის შეიძლებოდა რამე ჩანაწერი გამოეტანა ან არ გამოეტანა, ასევე არ ვიცი პირობითად როდინდელი ჩანაწერების ნაკრებია ეს, შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება, იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, – აცხადებს ხვიჩია.
შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.