„ღარიბაშვილი ტყუის, როგორც მერი მე მას არასდროს შევხვედრივარ“ - გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ 2010-11 წლებში მაშინდელ ხელისუფლებასთან აქტიური კონტაქტი ჰქონდა. ამის შესახებ უგულავა ფეისბუქზე წერს.
"ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. [ბიძინა] ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ქართუს მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან ქართუდან არავისთან შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი", — ამბობს უგულავა.
ექვსდღიანი დუმილის შემდეგ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ TV პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაცია და პროვოკაციაა. პრემიერმა განმარტა, რატომ ახსენებს ბერა ივანიშვილთან საუბრისას მინისტრებს.
როგორც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ამბობენ, ჩანაწერები 2010-11 წლებში არის გაკეთებული, როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ჩანაწერებში მინისტრების ხსენების გამო კი გაჩნდა ეჭვი, რომ საუბარი შესაძლოა სწორედ 2012 წლის შემდეგ შედგა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რვა წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფონდს ხელმძღვანელობდა და საქველმოქმედო პროექტებს მართავდა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო მას მინისტრებთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა.
"მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან, ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტი დედა, გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე პასუხი მარტივია — პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული ეს საკითხი", — ამბობს ღარიბაშვილი.