არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას შევძლებთ
ფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობებს იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე მ,არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობაც გამოხატავს ამ მხარდაჭერას.
"დღეს ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი შედგა. ეს არის პრივილეგია საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში.
ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობებს იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ. „ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში. ორმა მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება გრძელვადიანი და უზრუნველყოფს პოლიტიკურ თანამშრომლობას. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკური კულტურამ სადაც არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი.
ამ დიალოგში მოგვეცა საშუალება როგორც ხელისუფლებას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უფრო დეტალურად აგვეხსნა რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობაც გამოხატავს ამ მხარდაჭერას. თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს ვფიქრობ, პარლამენტში შემოსვლაზე შეთანხმება მიღწევადია. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ ამ შეთანხმებას და პირობებს რომელიც განიხილება, იმედი მაქვს ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური მიდგომა. სავარაუდოდ დღეს იქნება კიდევ რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა, მათ შორის ჩვენთან და დღის ბოლომდე მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რომ დავაახლოვოთ პოზიციები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.