თეგებით ძიება

ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ დარჩიაშვილის მიერ ნახშირით გადმოცემული გრძნობები და ემოციები

ჩვეულ აპათიაში მყოფი სოციალურ ქსელში მარიამ დარჩიაშვილის ნახატებს წავაწყდი. ალბათ არაფერი იქნებოდა ამ ამბავში განსაკუთრებული, რომ არა ნახატები.

ნახატებში ნახშირით გადმოცემული გრძნობები და ემოციები, რომლის შემხედარე შეუძლებელია არ აღფრთოვანდე.

ამბობენ: ხელოვნება საუბრობს იქ, სადაც სიტყვები უძლურიაო. მართალი ყოფილა. ხელოვნება ეს ხომ იმდენად ინსპირაციული და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც შეუძლია ჩვენში ერთდროულად გამოიწვიოს: აღგზნება, შიში, ცნობისმოყვარეობა, აღშფოთება, მდუმარება…

ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ დარჩიაშვილის მიერ ნახშირით გადმოცემული გრძნობები და ემოციები


ახალგაზრდა მხატვრის გონებაში უსაზღვრო ემოცია და ფიქრი რომაა, ეს იგრძნობა კიდეც მის ნახატებში. ნახატებში, რომლებშიც ოსტატურად და გემოვნებითაა გამოყენებული თითოეული ხაზი, შუქ-ჩრდილი, ფერთა შეხამება, ფაქტურა, რაც ხაზს უსვამს მხატვრის ინდივიდუალურ ტექნიკას.



მარიამი იგონებს: “ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მხატვრის, კარავაჯოს შემოქმედებიდან მომწონდა ნახატი, სახელწოდებით: "ბიჭი ხილის კალათით", რომლის თანამედროვე გაცოცხლებულ ვარიანტს წავაწყდი ინსტაგრამზე. საკმაოდ ცნობილ ფოტოგრაფს ჰქონდა გადაღებული ეს სიუჟეტი, რომელიც ბოლო დროს დავხატე და ჩემს შემოქმედებაში საუკეთესოდ მიმაჩნია. ახლა უკვე მეც მაქვს საკუთარი - "ბიჭი ხილის კალათით". სამწუხაროდ, კარავაჯო ამ ნახატს ვერ ნახავდა, მაგრამ ნახატის დასრულებული ვარიანტი ფოტოგრაფსაც და მოდელსაც ძალიან მოსწონებიათ.

საკუთარი თავის რწმენა, მოთმინება და საქმისადმი უზომო სიყვარული შემატა ხატვამ მის ცხოვრებას. მარიამის გეგმებიც და მისწრაფებებიც ახლა მხოლოდ ხატვის ირგვლივ ტრიალებს.

“ყოველი დღისა და ნახატის შემდეგ ვგრძნობ, რომ ვიზრდები, რაღაც ახალს ვსწავლობ და მინდა, რომ მუდმივად ამ განვითარებისა და სიახლეების აღმოჩენის პროცესში ვიყო” - ამბობს ახალგაზრდა მხატვარი TIA.GE-სთან.

“ბოლო რამდენიმე წელია, რაც სერიოზულად დავიწყე ხატვა და თითქმის მთელს ჩემს თავისუფალ და სამუშო დროს მას ვახმარ. ინტერესი ყოველთვის მქონდა, მაგრამ თავდაპირველად თავს ამ სფეროში ვერ ვხედავდი და საკუთარი შესაძლებლობებიც საკმარისად არ მიმაჩნდა. სერიოზული დაინტერესებაც მაშინ გაჩნდა, როცა უკვე ამ ეჭვებისა და თვითკრიტიკის მიუხედავად, პატარ-პატარა წინგადადგმული ნაბიჯებისა და პროგრესის შემჩნევა დავიწყე…” - ამბობს მარიამი და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მხატვარს ჯერჯერობით საკუთარი გამოფენა არ ჰქონია, მისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა პანდემიის პერიოდში სოციალურ სივრცეში გამოჩენილ რეალისტურ ნამუშევრებს.



საკუთარ თავს ჯერჯერობით შემდგარ მხატვარს არ უწოდებს, მაგრამ მისთვის სასიამოვნო მოტივაციის მომცემია ყოველი დადებითი შეფასება, რომელსაც მხატვრებისა და ზოგადად ხელოვანების მხრიდან იღებს.

ავტორი: ანი გულბათაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა