თეგებით ძიება

როგორ გავანაწილოთ დრო სწორად და ვკონცენტრირდეთ ხმაურიან სამუშაო გარემოში. ინსტრუქცია

კოლეგების ზარები, უამრავი დავალება, გაუთავებელი სატელეფონო შეტყობინებები და შიდა დიალოგები - საქმეზე კონცენტრირება ერთნაირად რთულია როგორც სახლში, ისე - ოფისში. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს და თანაც რამდენიმე.

წინასწარ დაგეგმეთ! თუმცა არა ერთი დღე, არამედ - მთელი კვირა
დავალებები დღეების მიხედვით გაანაწილეთ. მაგალითად, რუტინული სამუშაო კვირის პირველ დღეებში შეასრულეთ, ტექნიკური და შემოქმედებითი დავალებები კი ბოლოსკენ მოიტოვეთ. შეგიძლიათ პირიქითაც მოიქცეთ. ეს მიდგომა შეიძლება როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ამოცანების მიმართ გამოიყენოთ. გამოყავით ერთი ან ორი დღე პროექტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივ და სიღრმისეულ ჩაძიებას მოითხოვს, დანარჩენი დრო კი რუტინულ რეჟიმს დაუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ გრაფიკი ფიქსირებული იყოს.


და არანაირი მულტიტასკინგი. არსებობს არასწორი მოსაზრება, რომ ერთდროულად რაც უფრო მეტ დავალებას ასრულებთ, მით უკეთესია. სინამდვილეში, რამდენიმე პარალელური საქმე არა მარტო ყურადღების გაფანტვას იწვევს, არამედ მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციისაგან ერთმანეთისგან განცალკევებას ართულებს. ეს კი რთული ამოცანების შესრულებას აფერხებს.

ისწავლეთ უარის თქმა!
ეს სასარგებლო უნარია, თუმცა მისი გათავისება რთულია. თუ თქვენ მოხალისეობრივად ახალი პროექტის დამატება შემოგთავაზეს, მაშინვე არც დაეთანხმოთ და არც უარი უთხრათ. რამდენიმე საათი დაფიქრდით და შემოთავაზების ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარე გააანალიზეთ.


არსებობს კიდევ რამდენიმე წესი, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ:


- ზოგიერთ დავალებას კონცენტრაცია სჭირდება. ასე რომ, შეგიძლიათ სთხოვოთ კოლეგებსა თუ ახლობლებს, ცოტა ხნით არ შეგაწუხონ.
- თუ შესაძლებელია, გამორთეთ შეტყობინებები თქვენს ტელეფონსა და ლეპტოპში ან მესეჯერებში დააყენეთ სტატუსი “არ შემაწუხოთ!”.
- შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღეთ მხოლოდ იმ შეხვედრებში და უპასუხეთ მხოლოდ იმ ზარებს, რომლებიც თქვენი ან თქვენი გუნდის პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია.

გამოიყენეთ ტექნოლოგიები, მაგრამ კლასიკასაც ნუ დაივიწყებთ!
ბრაუზერში დააინსტალირეთ სპეციალური გაფართოება, რაც ხელს უშლის გარკვეული ვებგვერდების გახსნას ან ჩანართების რაოდენობას ზღუდავს. შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი, რათა თქვენი სამუშაო საათები აკონტროლოთ. ყველა დავალება 25-წუთიან პერიოდებად დაყავით და თითოეულის შემდეგ შეისვენეთ. დროთა განმავლობაში შეეჩვევით და უკვე მიხვდებით, რომ შესვენებამდე ჯერ კიდევ ათი წუთია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიოდე წერილის დაწერას მოასწრებთ. ხმაურისგან თავის დაღწევის უმარტივესი გზა კი ყურსასმენებია.

მოიწყვეთ სასურველი სამუშაო გარემო და ცოტა ხნით შეგიძლიათ წათვლიმოთ კიდეც
ზოგჯერ ადამიანის კონცენტრაციაზე მაგიდაზე განლაგებული ნივთებიც კი ზემოქმედებს. მაგალითად, ყველა საჭირო მასალის განსათავსებლად ვიღაცას მეტი სამუშაო ადგილი სჭირდება, სხვას კი რამდენიმე საათზე მეტხანს ერთ ადგილზე მუშაობა არ შეუძლია. ამიტომაც პირადი სივრცის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადაწყვიტეთ, რა უფრო კომფორტულია თქვენთვის - სკამზე ჯდომა თუ სავარძელში? თქვენს სამუშაო განწყობაზე რა მოქმედებს დადებითად - ხედი ფანჯრისკენ თუ კედლისკენ? სად უფრო კომფორტული იქნება - სამზარეულოში თუ საძინებელში?


სხვათა შორის, შესვენება არ უნდა დაგვავიწყდეს! შეგიძლიათ 15 წუთით წათვლიმოთ კიდეც, ნამდვილად უფრო პროდუქტიული გახდებით. მთავარია, ნახევარ საათზე მეტი არ დაიძინოთ და დღის სწორი მონაკვეთი აირჩიოთ - დაახლოებით 14-დან 15 საათამდე. ასევე შეგიძლიათ შუადღის ძილის წინ ფინჯანი ყავა დალიოთ. სავარაუდოდ, კოფეინი სწორედ ნახევარი საათის განმავლობაში დაიწყებს ზემოქმედებას და გამოღვიძებისთანავე ენერგიის მომატებას იგრძნობთ.

დაკავდით მედიტაციით!
მუდმივად გეფანტებათ ყურადღება? უბრალოდ კონცენტრირდით მიმდინარე საქმეებზე, როგორც ამას მედიტაციის დროს სუნთქვაზე ფოკუსირებისას აკეთებთ (როდესაც თავში არასაჭირო აზრები მოგდით). გარდა ამისა, მედიტაცია თქვენს ყურადღებას ავარჯიშებს და სტრესის დონეს ამცირებს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა