თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4456 სამედიცინო პერსონალმა და უკვე აცრილია 1143 პირი.

ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.

სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

„საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე.

„ვიშეგრადის ფონდი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც 4 ქვეყანას წარმოადგენს: ესენია-პოლონეთი, ჩეხეთი , უნგრეთი და სლოვაკეთი. ფონდი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას“- აღნიშნა საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატიმ.

მათი თქმით, პროექტის მიზანი პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია კოვიდ 19-ის ყველა დონის სასტუმროების პერსონალის ცოდნის გაუმჯობესება. ეს მათ დაეხმარებათ საკარანტინე ზონებსა და კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში.

პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ პანდემიასთან გამკლავება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა