თეგებით ძიება

გუდამაყრის მთების უხუცესი, სოფო ბებო, 107 წლის ასაკში გარდაიცვალა

გუდამაყრის მთებში, კერძოდ კი სოფელ ჩოხში, დღესასწაულებისას ჩასული აუცილებლად შენიშნავდით შავებში გამოწყობილ მოხუცებულ ქალს, ჯოხით, ნელ-ნელა მაგრამ უშიშრად რომ მიუყვებოდა გუდამაყრის მთის დაუსრულებელ ბილიკებს. ეს მოხუცებული სოფო აფციაური იყო, ჩოხის უხუცესი, რომელიც დღესა და ღამეს მშობლიურ ჩოხში, მარტოობასა და სიკვდილის მოლოდინში ატარებდა.

სოფო ბებო 107 წლის ასაკში თავისსავე თითქმის ჩამოშლილ, თუმცა, მაინც ტკბილ სახლში დაიღუპა. მთების შვილი მთაშივე დარჩა...

გუდამაყრის მთების უხუცესი, სოფო ბებო, 107 წლის ასაკში გარდაიცვალა


გუდამაყრის მთებში, განსაკუთრებით კი სოფელ ჩოხში, ხშირად იმართებოდა გასართობი სანახაობები, დოღი, სადაც ერთმანეთს ცხენებით ჯირითში ახალგაზრდები ეჯიბრებოდნენ, გაიგებდით სიმღერისა და ცეკვის ხმას, გულს გაგითბობდათ ბავშვების ჟრიამული. აქ ხალხი ბედნიერი იყო, მაგრამ... მთა გაიძარცვა, ახალგაზრდები ბარში წავიდნენ, მოხუცებულები კი მიწას მიებარნენ.

სოფელ ჩოხში თითო-ოროლა სახლშიღა ბჟუტავდა სინათლე, ერთ-ერთი სოფო ბებოს სახლი იყო. სახლი, რომელიც ნახევრად ჩამოშლილიყო, ერთი შეხედვით იფიქრებდით მიტოვებულიაო, მაგრამ ნახევრად ნანგრევებად ქცეული კედლები ჩოხის უხუცესს მფარველად ეკრა.


ფოტო მასალა- წყარო „მთის ამბები“

სოფო ბებოს ტრაგიკულმა ცხოვრების ისტორიამ აატირა მთელი საქართველო, მის წყლიან თვალებში შენიშნავდით წლების ნაგროვებ სევდასა და დარდს, სოფომ მეუღლე ქორწინებიდან ხუთი წლის შემდგომ ავარიით დაკარგა, დარჩა მარტო, ბედისა და ერთი ქალიშვილის იმედად მთაში, სადაც ქვრივი ქალისთვის მარტოდ ცხოვრება დაუღალავ შრომად და წვალებად გადაიქცა.

ტვ იმედთან ინტერვიუში სოფო ბებო იგონებდა, როგორ უქოსვდა ქალიშვილს ფერად-ფერად წინდებს, ზამთრის სუსხიანი დღეების გადასაგორებლად, იგონებდა, როგორ წვალებითა და შრომით ცდილობდნენ თავის გატანას. მაგრამ მთა იმედი იყო... მთა მათ სიცოცხლესა და გადარჩენას ჰპირდებოდა.

წლები გადიოდა, ჩოხი კი ცარიელდებოდა, მთებში დაგუბებულ სიჩუმეს მხოლოდ არაგვის ხმაურიღა არღვევდა, გაიზარდა სოფო ბებოს ქალიშვილი, მთაშივე შექმნა ოჯახი და დედ-მამის სახლი დატოვა. ბევრჯერ დააპირა შვილმა დედის თან წაყვანა, თუმცა, სოფო ბებო მუდამ უარზე იყო, როგორც თავად ამბობდა, მშობლიური სახლის მონატრებით ვერ იცოცხლებდა და ერჩივნა სიცოცხლის ბოლო წუთები მშობლიური მთებისთვის ეყურებინა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, მოხუცს ნაოჭები მოუმრავლდა, ხელები დაეკოჟრა, ფეხებში ძალის სიმცირე იგრძნო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა და მხოლოდ იმას დარდობდა, რომ უწინდებურად შრომა აღარ შეეძლო.

შრომასა და მთისადმი ერთგულებაში განვლო 107 წელი, სოფო აფციაურმა, გუდამაყრის მთის შვილმა, იგი მთაში დაიბადა და მთაშივე დარჩა...

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა