სუიციდი თუ მკვლელობა - გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გოგონა სახურავიდან გადმოაგდეს
აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გოგონამ თავი არ მოიკლა და ის კორპუსის სახურავიდან გადმოაგდეს. ამ ეჭვს ოჯახის წევრებს ისიც უმყარებს, რომ არასრულწლოვანის ქურთუკი და ფეხსაცმელები ლიფტში იყო, გოგონას ცხედარი კი მიწაზე ზურგით იპოვნეს.
ოჯახი ვარაუდობს, რომ მოზარდს ლიფტში გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, გარდაცვლილის ახლობლები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და მომხდარის ბუნდოვან გარემოებებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, გამოძიებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია წერილი, რომელიც მოზარდმა სუიციდამდე დაწერა, თუმცა აღნიშნულ წერილს ოჯახს არ ანახებენ. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ვარაუდი, რომ სამართალდამცველებს მომხდარის თვითმკვლელობად წრმოჩენა სურს:
"ოჯახი მდგმურად სადაც იყო, იქიდან მოშორებით იყო წვეულებაზე. არ ეცვა ქურთუკი, ფეხსაცმელები და ასე ავიდა მეექვსე სართულიდან მეცხრე სართულის სახურავზე, იქ იყო ხალხი და უღებდნენ ლაივს, დარეკეს პატრულში. სანამ პატრული მოვიდა, ლაივი უკვე წაშლილი იყო. გვაქვს ეჭვი, რომ საქმე ეხება არა სუიციდს, არამედ სუიციდამდე მიყვანას ან მკვლელობას. ბავშვი ზურგით იყო დაცემული, ძვლებშია დამტვრეული და კეფა აქვს ჩატეხილი. სახე არ აქვს დაზიანებული. არ გამოვრიცხავ, რომ კონფლიქტი მოსვლოდა ვინმესთან - გოგოებთან ან ბიჭებთან" - განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.