26 მარტი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა
26 მარტი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მსოფლიოში ეპილეფსია 60 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს, საქართველოში - 5 000 -ზე მეტს. როგორც ჯანმრთელობის სააგენტო იუწყება, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ფინანსდება.
„2020 წლიდან დღემდე, ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით ისარგებლა 3 520 ბენეფიციარმა.
სახელმწიფოს მიერ, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები 75 %-ით ფინანსდებიან.
100 %-ით, წლიური ლიმიტის გათვალისწინებით, ფინანსდებიან:
ა) სოციალურად დაუცველი პირები;
ბ) პენსიონერები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები);
დ) ვეტერანები;
ვ) გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა“ - წერია განცხადებაში.