თეგებით ძიება

"დაიჭირეთ წამი" - თამარ ჯაბადარის ,,წარმატების ფორმულა" მოსწავლე-ახალგაზრდობას

"ჩემი რეგიონის" ფარგლებში, TIA.GE მკითხველს თამარ ჯაბადარს გააცნობს. ქალბატონ თამარს საგარეჯოს რაიონში ყველა იცნობს. დღეს უკვე საპატიო გარეჯის ტიტულის მფლობელი, 1989 წლიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია. პროფესიით პედაგოგი წლებია, ახალგაზრდების სწავლა-განვითარებას ემსახურება.

"დავიბადე ქ.საგარეჯოში, პედაგოგების ოჯახში. ვსწავლობდი საგარეჯოს 1-ელ სკოლაში. აქტიური მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა მხატვრული კითხვა, და ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სასკოლო და რაიონულ კონცერტებში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, სადაც იმ დროისთვის ინგლისური ენის კათედრაზე მხოლოდ ხუთი სტუდენტი დაიშვებოდა. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი კიდეც მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი აბიტურიენტებისთვის აუცილებელი იყო სამუშაო გამოცდილება. სამწუხაროდ დამაკლდა 0,5 ქულა და ამის შემდეგ გადავწყვიტე რუსულ ფილოლოგიაზე ჩამებარებინა. ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვმუშაობდი სკოლაში, რუსული ენის პედაგოგად. ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ჩემს მოვალეობას მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდები და ვასრულებ. 1989 წლის თებერვლიდან გადმომიყვანეს მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლში დირექტორად, სკოლაში ნახევარი განაკვეთის შენარჩუნებით", - აცხადებს თამარ ჯაბადარი TIA.GE-სთან საუბრისას.

"დაიჭირეთ წამი" - თამარ ჯაბადარის ,,წარმატების ფორმულა" მოსწავლე-ახალგაზრდობას


- როგორ პირობებში გიხდებოდათ მაშინ მუშაობა და რა შეიცვალა ამდენი წლის მანძილზე?

- ვერ გეტყვით, რომ ცუდი პირობები გვქონდა... ცენტრალური გათბობა გვქონდა, რაც მთავარია, რომ ზამთარში არ გახდე პარალიზებული... იმ დროისათვის ჩვენ განათლების სამინისტროს ვეკუთვნოდით, და ისევე ვსარგებლობდით თვალსაჩინოების ბაზით, როგორც სკოლები... ბევრი მოსწავლე გვყავდა, სოფლებიდანაც კი... ახლა ძალიან უჭირთ სოფლებიდან სიარული ტრანსპორტის და თანხის გამო...განსაკუთრებით მაღალმთიან და ცენტრალური გზიდან მოცილებულ სოფლებს, რომელთაც გადასაადგილებლად 2 ტრანსპორტის შეცვლა უწევთ. მყავდა და მყავს ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, თანამოაზრეები, რომლებიც მაშინაც და დღესაც, ყველაზე მწირ ხელფასზე, მზად არიან ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის რაიმე კარგი და სასარგებლო გააკეთონ... იმ ავადსახსენებელ 90-იანებში არ იყო დენი, გაზი, პური, ფული... მაგრამ იყო ერთიანობა, სიყვარული, თანადგომა, მშობლების ნდობა და მხარდაჭერა; მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობას 2020 წელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. გვაქვს ნორმალური სამუშაო პირობები, ტექნიკურად აღჭურვილი დარბაზი და მინი ლაბი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება იმუშაონ კიდეც, რა თქმა უნდა გვყავს, გადამზადებული თანამშრომლები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენი მონაწილეებისთვის აქვე ვამზადებთ სერთიფიკატებს. წელს ველოდებით ეზოს ინფრასტრუქტურის და გათბობის სისტემის მოწესრიგებას.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი მხარდაჭერისათვის მადლობას გადავუხდი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მერს ბატონ გიორგი ერბოწონაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ოთარ ჩალათაშვილს.



- რა ღონისძიებები ტარდება სასახლეში და ვისთან თანამშრომლობთ?

- ყოველწლიურად მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ძალიან ბევრი ღონისძიება, შეხვედრა და ტრენინგი ტარდება. დავიწყებ იქიდან, რომ 2005 წლიდან რაც ჩვენთან 2 წლიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის "მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე რებეკა მადდენ-სტარჯესი, მთლიანად შევცვალეთ მუშაობის სფეციფიკა, ბევრი სიახლე დავნერგეთ როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოსწავლეებისათვის. ძირეული ცვლილება 2013 წლის თებერვლიდან, მოხალისე ემილი ნიუს პერიოდში დავიწყეთ, დავაარსეთ ლიდერ გოგონათა კლუბი.
2015-2017 წლებში ჩვენი მოხალისე გახლდათ ქეთი ონეილი, რომლის დროსაც შევქმენით მინი-ლაბი - კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც ჯერ თანამშრომლები გადავმზადდით და შემდეგ ბავშვები, რომლებიც ძალიან იყვნენ დაინტერესებულები ესწავლათ ახალი ტექნოლოგიები.

ლიდერთა გადამზადების ტრენინგებს დავარქვით "ნაბიჯი წარმატებისაკენ“. ზუსტად ამ პროექტის ფარგლებში 2018 წელს, მოხალისე ანასტასია აჯიმანის დროს მოხდა ჯერ თანამშრომლების გადამზადება, შემდეგ ლიდერების.
2013 წლის ზაფხულიდან დავიწყეთ დღის თემატური ბანაკების ორგანიზება, ამას საშობაო ბანაკები მოჰყვა, კინო-ფესტივალები, გაეროს და ევროპარლამენტის მოდელირებები, ფორუმები, დებატები 2 ასაკობრივ ჯგუფში და სხვა ტრადიციული ღონისძიებები, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ.

ვთვლი, რომ "სხვას რომ ასწავლო, ჯერ შენ უნდა ისწავლო“, სულ უნდა სწავლობდე, ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდე... თუ შენ არ ვითარდები, სხვის განვითარებას ვერ შეუწყობ ხელს.



- ახლახანს მოგენიჭათ საპატიო საგარეჯოელის წოდება, სხვა რა ჯილდოები მიგიღიათ?

- ჯილდოებით განებივრებული არ ვარ. მაქვს სახალხო განათლების წარჩინებულის და როგორც აღნიშნეთ, ახლა მივიღე საპატიო გარეჯელის წოდება. ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია, მე ვიცი, რომ ეს უხვად მაქვს და მადლიერი ვარ...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას. სამომავლოდ ვგეგმავთ ტრენინგ-კურსს "ნაბიჯი წარმატებისაკენ-ანუ წარმატების ფორმულა“ ლიდერობის კანდიდატების ახალი თაობის ჯგუფისათვის; მთელი მაისის თვე მიეძღვნება ევროპის დღეებს; გვექნება დებატ-ტურნირები ორ ასაკობრივ ჯგუფში; ესეების კონკურსი; ევროპარლამენტის მოდელირება; მოსწავლე-ახალგაზრდობის მე-4 ფორუმი, რომელიც მთლიანად პანდემიურ ერთ წელს მიეძღვნება. თუ გაგვიმართლა და აღარ ჩავიკეტებით ზაფხულის 5 კვირიანი თემატური დღის ბანაკიც გვექნება ასე, რომ დატვირთული ზაფხული გველოდება.



- რას ეტყვით მოსწავლე-ახალგაზრდობას?

- საგარეჯოს და სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას ვუსურვებ წარმატებებს, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საქმიანობაში. ჩვენ უნიჭიერესი თაობა გვყავს, რომელსაც მოფრთხილება და ხელშეწყობა სჭირდება. მათ მოვუწოდებ "დაიჭირონ წამი“ ; ჩვენ, უფროსები, მათ ვთავაზობთ "წარმატების ფორმულას“ და აუცილებლად უნდა აიღონ ეს ფორმულა, გახდნენ საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლელები და იარონ წინ, წარმატებისაკენ!

ესაუბრა: მიხეილ ჭიაბერაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა