ახალგაზრდა კაცს, რომელმაც გოგოს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მეგობარ გოგოს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში მას ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ამასთან, მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შ.გ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა.
„ს.შ.-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა შ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შ.გ. დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.