მონაზონ სოსანა ბოლქვაძის მხარდასაჭერად, აქცია იმართება
ამ წუთებში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციასთან აქცია იმართება. ადგილზე მრევლის ნაწილი და „ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლები არიან. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს მონაზონ სოსანა ბოლქვაძეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გმობენ მონასტრის ტერიტორიაზე, გუშინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც დედა სოსანა შენობაში არ შეუშვეს. ასევე, აცხადებენ, რომ ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და ორგანიზაცია მზად არის, სამართლებრივი მიმართულებით დაეხმაროს მას.
თავად მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მონაზონი სოსანა, აცხადებს, რომ აუცილებელია, ვიდრე მონასტერს დატოვებს, მოხდეს იმ ქონების გადაბარება, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ამის საშუალებას ეპარქიის ახლადდანიშნული მეუფე სტეფანე არ აძლევს. დედა სოსანას ეპარქიიდან უკვე შეხვდა გადაბარების კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ ის გათავისუფლებულია ეპარქიიდან და მეუფის ბრძანებით, განწესებულია ლასურიაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. რაც შეეხება გადაბარებას, ის მიიღებს მონაწილეობას პროცესში, თუმცა მას მონასტერში შესვლა ეკრძალება და კელიიდან სამართალდამცველების დახმარებით შეუძლია გამოიტანოს კუთვნილი ნივთები.
ადგილზე სამართალდამცველები არიან შეკრებილები და აქცია გრძელდება.